“გარედანაც ხედავენ, რომ ამ ოპოზიციის იმედზე ვერ იქნებიან და ხელისუფლებაში მათი მოყვანის შანსი არ არის” – ქადაგიშვილი
„პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციას უხეშად არღვევს, რაც იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების ერთადერთი მიზეზია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს.
დეპუტატის თქმით, ე.წ. ტექნიკური მთავრობა კონსტიტუციის კიდევ ერთი დარღვევაა.
“ეს განკუთვნილია იმისთვის, რომ მოქმედი თუ შემდეგი პრეზიდენტი კონსტიტუციური სივრციდან არ გავიდეს და, ათასგვარი პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა არ მოხდეს.
რაც შეეხება ე.წ. ტექნიკურ მთავრობას, ეს არის კონსტიტუციის კიდევ ერთი დარღვევა. ოპოზიცია ხალხისთვის იმდენად მიუღებელია, რომ ეუბნებიან, ნუ გეშინიათ, ამ ოპოზიციის მმართველობის ქვეშ არ მოგაქცევთ, მხოლოდ ერთი წლით ავირჩიოთ და ისეთი მთავრობა არ მოვიყვანოთ, რომელიც თქვენი არჩეული იქნებაო. პრეზიდენტი ასეთ პოლიტიკურ აბსურდში გვაცხოვრებს, რაც მისი მოგონილი არ არის, ეს არის გარე გეგმა. გარედანაც ხედავენ, რომ ამ ოპოზიციის იმედზე ვერ იქნებიან და ხელისუფლებაში მათი მოყვანის შანსი არ არის. სამწუხაროდ, ამ დროს ყველაზე აქტიურები ბალტიისპირელები არიან, მათი მიზნებიც გასაგებია. მათ ურჩევნიათ, რომ საქართველო რუსეთთან დაპირისპირებული იყოს და აგრესია მათზე არ წავიდეს. ეს მარტივი წესებია, რომელიც იშიფრება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხელახლა აღძრას იმპიჩმენტის პროცედურა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ.