მთავარ პროკურატურაში სტაჟირების ახალი ეტაპი დაიწყო

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის გამარჯვებულებს შეხვდა. მან სტაჟიორებს გამარჯვება მიულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
პროკურატურის ინფორმაციით, სტაჟირების ახალი ეტაპი საქართველოს მთავარ პროკურატურაში დღეიდან დაიწყო. 60-მდე სტაჟიორი 3-ეტაპიანი კონკურსის შედეგად შეირჩა.
წარმატებული კონკურსანტები სტაჟირების პირველ ეტაპზე სპეციალურ სასწავლო მომზადებას გაივლიან. ერთთვიანი ინტენსიური სწავლების ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ ცოდნას როგორც სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის პროცესის, პროფესიული ეთიკის, საერთაშორისო სამართლის მიმართულებით, ასევე სამართლებრივი წერის, კომუნიკაციის, სასამართლო გამოსვლებისა და სხვა აქტუალურ თემებთან დაკავშირებით.
სასწავლო პროგრამა ორიენტირებულია მსმენელებისთვის იმ პრაქტიკული უნარების განვითარებაზე, რომელიც მათ სამომავლოდ პროფესიული საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში დაეხმარებათ. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, წარმატებული მონაწილეები საქართველოს პროკურატურის ტერიტორიულ ორგანოებში გადანაწილდებიან და ერთწლიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.
საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს კვალიფიციური კადრების მოზიდვა და განვითარება წარმოადგენს. მიმდინარე წელს სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველთა უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა. კანდიდატთა შერჩევა მათი პროფესიული ცოდნისა და უნარების საფუძველზე მოხდა.
საქართველოს მთავარი პროკურატურა სტაჟირების კონკურსს პერიოდულად აცხადებს, რაც დაინტერესებულ პირებს დასაქმებისა და პროფესიული ზრდის რეალურ შესაძლებლობას აძლევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები