დღეის მდგომარეობით, 9,000 ტონა არასტანდარტული ვაშლი ჩაბარებულია, ფერმერებმა 2 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი უკვე მიიღეს

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბსა და ხილის გადამმუშავებელ საწარმოში „შინდისი“ იმყოფებოდა, სადაც მოსავლის დაბინავება – რეალიზაციის პროცესს გაეცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს მასშტაბით, 12 კომპანია იბარებს არასტანდარტულ ვაშლს 1 კგ-ს არანაკლებ 25 თეთრად, საიდანაც 10 თეთრი არის სახელმწიფოს სუბსიდია. დღეის მდგომარეობით, 9,000 ტონა არასტანდარტული ვაშლი უკვე ჩაბარებულია. პროცესი 15 დეკემბრამდე გაგრძელდება. ჩვენი მიზანია, ფერმერებმა შეძლონ შეუფერხებლად საკუთარი ვაშლის მოსავლის რეალიზაცია“, – განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ.

შპს „შინდისი“ არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიაა. მიმდინარე წელს, კომპანიამ, პროგრამის ფარგლებში, 4,000 ტონა არასტანდარტული ვაშლი უკვე გადაამუშავა.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 12 კომპანია 14 მიმღებ პუნქტში იბარებს შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.

მიმდინარე წლის სექტემბრიდან სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამმუშავებელმა საწარმოებმა 9,000 ტონა არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს. შედეგად, ფერმერებმა 2 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლისა განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. სახელმწიფო სუბსიდიას იღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2024 წლის 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.25 ლარად შეისყიდიან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები