კინოოპერატორ ლომერ ახვლედიანს 90 წელი შეუსრულდებოდა

კინოოპერატორ ლომერ ახვლედიანს 90 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს ლომერ ახვლედიანის ხსოვნასა და განუზომელ ღვაწლს ქართული კულტურის განვითარებაში.
ლომერ ახვლედიანი დაიბადა 1934 წლის 2 ოქტომბერს ქ. თბილისში. 1958 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიის ფაკულტეტი, 1975 წელს კი მოსკოვის კინოს ინსტიტუტის საოპერატორო ფაკულტეტი (ა. ტემერინისა და ა. გალპერინის სახელოსნო).
1957 წლიდან მუშაობდა ტელეფილმების სტუდიისა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დამდგმელ ოპერატორად.
დამდგმელი ოპერატორის რანგში თანამშრომლობდა წამყვან ქართველ კინორეჟისორებთან, გადაიღო ირაკლი კვირიკაძის „ქვევრი“ (1970), თენგიზ აბულაძის „სამკაული სატრფოსათვის“ (1971) და „ნატვრის ხე“ (1976), ელდარ შენგელიას „სამანიშვილის დედინაცვალი“ (1977) და „ექსპრეს-ინფორმაცია“ (1993), ლანა ღოღობერიძის „აურზაური სალხინეთში“ (1975), რევაზ ჩხეიძის „ მშობლიურო ჩემო მიწავ! “ (1980) და „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ (1989) და ა. შ.
კადრის პირობითი სივრცის შექმნისა და კომპოზიციის ფერთა გადაწყვეტის თვალსაზრისით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ფილმებში: „ნატვრის ხე“ (რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, 1979) და „სამანიშვილის დედინაცვალი“ (კაიროს საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი, 1978).
ლომერ ახვლედიანის მიერ გადაღებული ფილმები გამოირჩევა სტილის საოცარი სინატიფით, უნიკალური ფერწერულობითა და გამომხატველი პორტრეტული დახასიათებით.
როგორც ავტორ-ოპერატორმა გადაიღო დოკუმენტური ფილმები: „სერვანტინო“ (1978), „ფესტივალი კონფოლანში“ (1979) და „აღიარება“ (1982).
გადაღებული აქვს ფილმები: „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“ (თ. აბულაძე, დოკ., 1971), „მზე შემოდგომისა“ (თ. ფალავანდიშვილი, 1973), „გამინაწილე სითბო“ (ი. ასათიანი, 1975), „შექსპირის სამშობლოში“ (გ. მატარაძე, დოკ., 1980), „ბესამე“ ( ნ. ახვლედიანი, 1989) და სხვა.
ლომერ ახვლედიანი იყო კინემატოგრაფისტთა კონფედერაციისა და საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის წევრი.
1979 წელს გახდა საქართველოსა და დაღესტნის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. 1984 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. 1999 წელს გახდა ღირსების ორდენის ლაურეატი, ქართული კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები