“კოლოფი უნდა იყოს დაახლოებით ჟანგისფერი, ის მიმზიდველი არ იქნება” – გიორგი ბახტურიძე სიგარეტის სადა შეფუთვის რეგულაციის შესახებ საუბრობს და განმარტავს, რატომაა ის მნიშვნელოვანი
“სიგარეტის სადა შეფუთვით ვაჭრობის შესახებ რეგულაცია ძალაში დღეიდან შევიდა, ინდუსტრიას ძველი შეფუთვით ამოყიდვის ვადა 2025 წლის 1-ელ აპრილამდე აქვს,”- ამის შესახებ „თამბაქოს კონტროლის ალიანსის” თავმჯდომარემ, გიორგი ბახტურიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში განაცხადა.
ბახტურიძემ განმარტა, რატომაა მნიშვნელოვანი სიგარეტის სადა შეფუთვა.
“რა არის სადა, ანუ ე.წ. სტანდარტიზებული შეფუთვა: თამბაქოს ყველა ტიპის ნაწარმი სტანდარტიზებული, ანუ ერთფეროვან კოლოფში შეფუთული უნდა იყოს . ეს საჭიროა იმისთვის, რომ მომხმარებელს ცრუ შთაბეჭდილება არ შეექმნას: მაგალითად, თუ ესა თუ ის პროდუქტი ნაკლებ ნიკოტინს შეიცავს, თითქოს, ის ნაკლები ზიანის მომტანია , ან თუ ლამაზადაა გაფორმებული, შოკოლადის ან მენთოლის, ან სხვა ასეთი არომატიზატორის შემცველობითაა, თითქოს, ნაკლები ზიანის მომტანია. ანუ, საჭიროა , რომ ადამიანს ცრუ შთაბეჭდილება არ შეექმნას, გარდა ამისა, როცა პროდუქტი მიმზიდველობას კარგავს, ადამიანი ფიქრდება. ეს ფსიქოლოგია კარგადაა შესწავლილი. ამ მიდგომამ (სადა შეფუთვამ ) დაახლოებით 50 ქვეყანა ფართოდ მოიცვა , მათ შორის, ამ პროცესის მონაწილე საქართველოც გახდა. ერთი მხრივ, ეს ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის მიმზიდველი არ იქნება. მეორე მხრივ, ხელს უწყობს იმას, რომ უკვე ჩამოყალიბებული მწეველები დაფიქრდნენ, გარკვეულად შეამცირონ, ან უარი თქვან ამ ლეტალური პროდუქტის მოხმარებაზე.
კვლევები აჩვენებს, რომ სადა შეფუთვის რეგულაცია უკვე ჩამოყალიბებულ მწეველებში, დაახლოებით 1-2%-ის ფარგლებში, ხელს უწყობს იმას, რომ მოხმარებას თავი დაანებონ. სადღაც 7-8%-ია, რომლებიც მოხმარებას სწორედ სადა შეფუთვის გამო ამცირებენ. რაც შეეხება არდაწყებას, 12-13%-ია მოზარდების ნაწილი, რომლებიც იმის გამო, რომ კოლოფი ერთფეროვანი, არამიმზიდველია, მოწევას არ იწყებენ. ეს საკმაოდ შთამბეჭდავი მიღწევებია.
რეგულაცია დღეიდან ოფიციალურად შევიდა ძალაში. კოლოფი უნდა იყოს დაახლოებით ჟანგისფერი, ის მიმზიდველი არ იქნება. კოლოფის დიზაინი შენარჩუნდება. გვინდოდა, ყველაფერი სწორკუთხოვანი ყოფილიყო, რაც საერთაშორისო დონეზეა მოწოდებული, მაგრამ ჩვენთან ჩატეხილი კუთხეები იქნება. ანუ კოლოფის დიზაინი იგივე იქნება, ფერი იქნება სხვა, რომელზეც ბრენდის სახელი და ქვესახეობა იქნება დატანილი. ეს მხოლოდ სიგარეტებს ეხება (აქ არაა საუბარი ეელქტრონულ სიგარეტზე , გასახურებელი თამბაქოს პროდუქტებზე).
ეს რეგულაცია ძალაში დღეიდან შევიდა. სავაჭრო ობიექტებში, ჯერ-ჯერობით, ახალი შეფუთვით არცერთი პროდუქტი არ მინახავს. იმედია, მალე გამოჩნდება. ინდუსტრიას ძველი შეფუთვით ამოყიდვის ვადა 2025 წლის 1-ელ აპრილამდე აქვს” – განაცხადა ბახტურიძემ.