“ვერ გაუფრთხილდნენ თავის უხუცეს ლიდერს” – როგორ და რით ააფეთქეს მიწისქვეშა ბუნკერში „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა
„ჰეზბოლა“ იძულებული იყო ეღიარებინა, რომ ვერ გაუფრთხილდა თავის უხუცეს ლიდერს-გენერალურ მდივან ჰასან ნასრალას, რომელზეც ბოლო 32 წელი ნადირობდნენ ისრაელის სპეცსამსახურები და სამხედროები. ამის შესახებ ირაკლი ალადაშვილი თავის საავტორო ბლოგში წერს.
“ის, რომ სამი ათეული წლის განმავლობაში ისრაელის ასე ნაქებმა საგარეო დაზვერვამ „მოსადმა“ თუ სამხედრო დაზვერვამ „ამანმა“ ვერ შეძლეს „ჰეზბოლას“ პირველი პირის ლიკვიდაცია, იმაზეც მეტყველებდა, რომ ნასრალას პირადი უსაფრთხოების სამსახური ტყუილად არ ჭამდა პურს, მაგრამ ბოლოს მაინც იქ გატყდა, სადაც ყველაზე
სუსტი წერტილი იყო-ნასრალას ადგილსამყოფელი. მისსავე გარემოცვამ გაყიდა…
ერთ-ერთი ინფორმაციის თანახმად, ირანელმა ინფორმატორმა ისრაელის დაზვერვას შეატყობინა, რომ ნასრალა დაბრუნდა ლიბანის ბეირუთში, „ჰეზბოლას“ მთავარ შტაბ-ბინაში, რომელიც დაჰიას რაიონში, საცხოვრებელი კორპუსების ქვეშ, მიწისქვეშა ბუნკერში მდებარეობდა, გაეროს სკოლის უშუალო სიახლოვეს…
დაიგულეს რა ნასრალა მიწისქვეშა ბუნკერში, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ჰაერში ასწიეს F-15I Ra’am ტიპის მრავალფუნქციური გამანადგურებელი თვითმფრინავები, რომლებმაც ბეირუთის კონკრეტული საცხოვრებელი კვარტლის თავზე ჩამოაგდეს 15-ზე მეტი მართვადი ბომბი, რომლებმაც თავის მხრივ დაანგრიეს არანაკლებ ოთხი შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, თუმცა მათი აფეთქებები ღრმად, უკვე მიწაში მოხდა… უცილობლად, ეს იყო ბუნკერსაწინააღმდეგო საავიაციო ბომბები, რომლებიც ჯერ გრუნტში ღრმად ჩადიან, ანგრევენ მიწისქვეშა ბუნკერის რკინაბეტონის სახურავს და მხოლოდ ამის შემდეგ ფეთქდებიან.
თავიდან გაცხადებულ იყო, რომ ისრაელმა თითქოს გამოიყენა BLU-109/B ტიპის ამერიკული წარმოების ბუნკერსაწინააღმდეგო საავიაციო ბომბები. ეს მართვადი ბომბი 907 კგ-ს იწონის და აღჭურვილია 243 კგ ასაფეთქებელი ნივთიერებით, რომლის დეტონაციის შედეგად 1,8-2 მ სიგანის რკინაბეტონის კედლის განგრევა შეუძლია.
ამ ბომბის საბრძოლო შესაძლებლობები, მართლაც შთამბეჭდავია, მაგრამ იმ ფოტოსურათის ნახვის შემდეგ, რომელზეც აღბეჭდილია, თუ რამხელა კრატერი გაკეთდა მიწაში ნასრალას ბუნკერის აფეთქებამდე, უფრო ლოგიკურია, რომ ისრაელმა გამოიყენა არა BLU-109/B ტიპის 907 კგ-იანი, არამედ ორტონიანი GBU-28 ტიპის ბევრად მძლავრი ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბები, რომლებსაც 30 მ სიღრმის გრუნტში ან 6 მ სიგანის რკინაბეტონის ფილაში „გავლა“ და შემდეგ აფეთქება შეუძლიათ…
1991 წლის „უდაბნოს ქარიშხლის“ ოპერაციის დროს, როდესაც ამერიკელებმა ქუვეითში შეჭრილი ერაყის ლიდერის სადამ ჰუსეინისთვის ჭკუის სწავლება გადაწყვიტეს ,აღმოჩნდა, რომ ჰუსეინის მიწისქვეშა ბუნკერებამდე ვერ აღწევდა ამერიკული საავიაციო ბომბები.
ამის შემდეგ, პენტაგონის შეკვეთით სულ რაღაც ორიოდე კვირაში დამზადდა 2,3 ტონიანი GBU-28 «Bunker Buster» ტიპის ბუნკერსაწინააღმდეგო საავიაციო ბომბები და თანაც ჩამოწერილი 203 მმ კალიბრიანი იმ უმტკიცესი საარტილერიო ლულებისაგან, რომლებიც ამერიკული ატომური ჭურვების გასასროლად იყო განკუთვნილი.
2009 წელს აშშ-მა ისრაელს 55 ერთეული ასეთი ბუნკერსაწინააღმდეგო GBU-28 მიაწოდა, რომელსაც ისრაელის ავიაცია ღაზას სექტორში „ჰამასის“ ყველაზე ღრმა და კარგად დაცული მიწისქვეშა ობიექტების გასანადგურებლად იყენებდა.
ამერიკული მასმედია წერს იმის შესახებაც, რომ ისრაელს „ჰეზბოლას“ ლიდერის ჰასან ნასრალას აფეთქება ბეირუთის მიწისქვეშა ბუნკერში თითქოს ჯერ კიდევ 2023 წლის 7 ქტომბრის იმ საშინელი დივერსიულ-ტერორისტული თავდასხმის შემდეგ შეეძლო, რაც „ჰამასმა“ ღაზას სექტორიდან ისრაელის კიბუცებში განახორციელა, მაგრამ მაშინ თეთრმა სახლმა თელა-ვივს ეს კატეგორიულად დაუშალა, რადგან პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციაში ფიქრობდნენ, რომ მაშინ „ჰეზბოლას“ ლიდერის განადგურება, ისრაელის წინააღმდეგ ახალი ფრონტების გახსნას გამოიწვევდა.
ამჯერად კი ისრაელმა, ამერიკულ მხარეს მხოლოდ რამდენიმე წუთით ადრე ამცნო, რომ ბეირუთის მიწისქვეშა ბუნკერში „ჰეზბოლას“ ლიდერის ჰასან ნასრალას ფიზიკურ განადგურებას აპირებდა, რითაც პენტაგონის შეფის ლოიდ ოსტინის გაცეცხლება გამოუწვევია – ასე მცირე დროში ამერიკელი სამხედროები როგორ მოვამზადო, თუკი ლიდერის ლიკვიდაციით გაბრაზებულმა „ჰეზბოლამ“ შურისძიების მიზნით სარაკეტო დარტყმებისა და ტერორისტული აქტების განხორციელება დაიწყო ახლო აღმოსავლეთის რეგიონშიო…
იმ ბოლო ათი დღის განმავლობაში, რაც ისრაელმა „ჰეზბოლას“ ჯერ პეიჯერები და პორტატული რაციები მოულოდნელად აუფეთქა ჯიბეებსა და ხელებში, ხოლო შემდეგ დაიწყო სამხრეთ ლიბანსა და დედაქალაქ ბეირუთში „ჰეზბოლას“ შენიღბული სარაკეტო სასტარტო პოზიციების, მიწისქვეშა ბუნკერებისა და ყაზარმების საჰაერო დაბომბვა, ჰასან ნასრალას გარდა ლიკვიდირებულია კიდევ 20-ზე მეტი ის მაღალჩინოსანი, რომლებიც „ჰეზბოლას“ სამხედრო-პოლიტიკური მართვის მთავარ გუნდს წარმოადგენდნენ…
ერთი ქართული მხატვრული ფილმიდან არ იყოს – „სისხლი დაინახა?აბა შეჭამს!“- ისრაელმა დაინახა რა, რომ „ჰეზბოლა“, მანამდე კი „ჰამასი“ ლიდერებისა და მართვის ორგანოების გარეშე დატოვა, ბოლომდე გააგრძელებს ამ ტერორისტული ორგანიზაციების (როგორც მათ მსოფლიოს დიდ ნაწილში მიიჩნევენ, ოღონდ არა რუსეთში) განადგურებას”,- წერია საავტორო ბლოგში, რომელსაც “კვირის პალიტრა” აქვეყნებს.