“ტრამპმა ზელენსკი დაამცირა”: Der Spiegel-ის სკანდალური სტატია “ტრამპ-თაუერში” გამართულ შეხვედრაზე – “ტანგოსთვის ორი მოცეკვავეა საჭირო”

გერმანული ჟურნალის „შპიგელის“ (Der Spiegel) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „გულგრილი შეხვედრა: ვოლოდიმირ ზელენსკის გამოხედვა დონალდ ტრამპთან საუბრის დროს დამცირებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ იგი დამცირებას უკვე მიჩვეულია“ (ავტორი – ენ-დორით ბოი).
პუბლიკაციაში, რომლის ქართულ თარგმანსაც “კვირის პალიტრა” ავრცელებს, აღნიშნულია, რომ “ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრისას თავს უხერხულად გრძნობდა”. სტატიის ავტორი წერს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე მიეჩვია „საკუთარი თავის გადაბიჯებას“ და „დამცირების ჩაყლაპვას“. მას სხვა არჩევანი არ აქვს.

“შეუიარაღებელი თვალითაც კი შესამჩნევი იყო, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრისას თავს უხერხულად გრძნობდა: აშშ-ის ექს-პრეზიდენტი ისე ლაპარაკობდა, თითქოსდა მის გვერდით უკრაინის ლიდერი კი არ იდგა, არამედ ვინმე სხვა – იგი ამტკიცებდა, რომ მას ვლადიმერ პუტინი პატივს სცემს და რუსეთის ხელმძღვანელს ომის შესაწყვეტად „ღირსეული გარიგების დადება“ სწორედ დონალდ ტრამპის მეშვეობით სურს.

როცა დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინზე ლაპარაკი დაიწყო და თქვა – „მასთან კარგი ურთიერთობა მაქვსო“, უკრაინის მეთაური ყველანაირად ცდილობდა მშვიდი გამომეტყველება შეენარჩუნებინა და აუღელვებელი გამოხედვა ჰქონოდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მასპინძლის ნათქვამზე აღნიშნა: „მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ერთმანეთთან უფრო უკეთესი ურთიერთობა გვაქვს“. დონალდ ტრამპი ამას არ მოელოდა და მან სტუმარი გააფრთხილა: „ტანგოსათვის ორი მოცეკვავეა საჭირო“. უფრო მეტიც, ექს-პრეზიდენტის სიტყვები ბრალდებასავით გაისმა: ეს ნიშნავდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისმა გარემოცვამ დონალდ ტრამპთან და მის გუნდთან კარგი დამოკიდებულებისათვის საკმარისი ძალისხმევა არ განახორციელა.

მოკლედ, სიტუაცია ასეთია: როცა რესპუბლიკელი პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, „პუტინთან კარგი ურთიერთობა მაქვსო“, ეს ვოლოდიმირ ზელენსკის კარგს არაფერს უქადის. „ტრამპ-თაუერში“ მათმა დაძაბულმა შეხვედრამ აჩვენა, რომ ამ ორ მამაკაცს შორის არავითარი სიმპათიური განწყობა არ არსებობს. თუმცა საიდან უნდა არსებობდეს?

გავიხსენოთ, რომ რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი დიდხანს არ თანხმდებოდა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე. ყოფილი პრეზიდენტი აშკარად იყო გაღიზიანებული იმით, რომ უკრაინის ლიდერმა პენსილვანიის შტატის ქალაქში მდებარე იარაღის ქარხანა მოინახულა, ანუ იქ, სადაც ჯო ბაიდენი დაიბადა და გაიზარდა, თანაც მას დემოკრატი გუბერნატორი მასპინძლობდა. საბოლოოდ, ტრამპი მაინც დათანხმდა – ალბათ, მრჩევლებმა დაარწმუნეს, რომ ფორმალური შეხვედრა მაინც აუცილებელი იყო – ბევრი არაფერი შედეგით, მაგრამ მაინც.

ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე მიეჩვია „საკუთარი თავის გადაბიჯებას“ და „დამცირების ჩაყლაპვას“. მას სხვა არჩევანი არ აქვს. უკრაინის მეთაურს ხშირად უწევს მწარე სიტყვები მოითმინოს, რომ თავის ქვეყანაში თავი გადაირჩინოს: იგი ხომ თავის ჯარისკაცებს ვერ ეტყვის – თქვენ იმიტომ არ გაქვთ იარაღი, რომ მე ხელი არ ჩამოვართვი რთულ პარტნიორსო.

დონალდ ტრამპთან შეხვედრის სამარცხვინო ეპიზოდი, უეჭველია, ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის უმდაბლეს წერტილს წარმოადგენს, თუმცა, რა თქმა უნდა, იყო ნათელი მომენტებიც: უკრაინელმა ლიდერმა კამალა ჰაისისაგან დამაიმდებელი დაპირებებიც მოისმინა. გაეროს გენასამბლეის კულუარებში ვოლოდმირ ზელენსკი შეხვდა რამდენიმე სახელმწიფოს მეთაურს, მათ შორის ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ნარენდრა მოდის, რომელმაც ამას წინათ კიევს მოსკოვთან შუადგომლობა შესთავაზა. თუმცა აშკარაა, რომ უკრაინის პრეზიდენტი სახლში საგრძნობი შედეგების გარეშე დაბრუნდა. ჯო ბაიდენმა მას არ მისცა ნებართვა ამერიკული რაკეტებისთ რუსეთის ტერიტორია დაბომბოს. თეთრმა სახლმა საკმაოდ ფრთხილად მიიღო უკრაინის პრეზიდენტის მიერ შემუშავებული „რუსეთთან ომში გამარჯვების გეგმაც“. დასავლელმა დიპლომატებმა კი უფრო ადრე განაცხადეს, რომ ზელენსკის გეგმას მათზე „შთაბეჭდილება არ მოუხდენია“.

პარასკევს, როცა კიევის დროით უკრაინაში უკვე საღამო იყო, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს მიღებული შოკი გადალახა – ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანდა. მან უკრაინელებს ტრადიციული ვიდეოჩართვით მანჰეტენის ქუჩიდან მიმართა. იგი საბრძოლოდ შემართული გამოიყურებოდა და დონალდ ტრამპთან ერთსაათიან საუბარს „ძალიან პროდუქტიული“ უწოდა. უფრო მოგვიანებით კი, ტელეარხ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი უკრაინის მხარეზე იქნება: „მე არ ვიცი, როგორ დასრულდება არჩევნები და ვინ იქნება პრეზიდენტი… მაგრამ მე დონალდ ტრამპისაგან ძალზე პაირადაპირი ინფორმაცია მივიღე – იგი ჩვენს მხარეზე იქნება, იგი მხარს დაუჭერს უკრაინას“,- წერია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები