სახალხო დამცველი ჟურნალისტის ცემისა და წუხანდელი დაპირისპირების ფაქტებს გამოეხმაურა

 

     საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უჩა ნანუაშვილი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, რომ ეფექტიანად აწარმოონ ჟურნალისტ ზაზა დავითაიასა და ორგანიზაციების – „თავისუფალი ზონისა“ და „თავისუფალი თაობის“ წარმომადგენლებს შორის მომხდარი დაპირისპირების გამოძიება, ინციდენტებში მონაწილე პირების გამოვლენისა და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ადეკვატური სანქციების გატარების მიზნით.
„ ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ ხელმძღვანელის კობა ხაბაზის განმარტებით, „112“–ზე დარეკვის შედეგად, მოსალოდნელი ინციდენტის თაობაზე ინფორმირებული იქნა საპატრულო პოლიცია, თუმცა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რეაგირება დაგვიანებული იყო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე „თავისუფალი ზონის“ წევრი დააკავეს. ამ დრომდე მიმდინარეობს დანაშაულში ბრალდებული სხვა პირების დადგენა. ზაზა დავითაიას ცემის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
საქართველოს სახალხო დამცველი გმობს ყოველგვარ ძალადობრივ ქმედებას, მათ შორის, როგორც ჟურნალისტ ზაზა დავითაიას მიმართ ჩადენილ ფიზიკურ ანგარიშსწორებას, ასევე ორგანიზაციების: „თავისუფალი ზონისა“ და „თავისუფალი თაობის“ წარმომადგენლებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას და მიაჩნია, რომ თითოეული ეს ფაქტი უარყოფითად აისახება ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე. საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ აღნიშნული დაპირისპირება ამოწურულია და მას რაიმე სახის ძალადობრივი გაგრძელება არ მოჰყვება. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჟურნალისტის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებას სამართალდამცავი ორგანოების მიერ სათანადო კვალიფიკაცია უნდა მიეცეს და გამოძიება მოკლედ ვადებში ჩატარდეს“, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები