28 სექტემბერს ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა – “ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო” შინაური ცხოველების ანტირაბიულ ვაქცინაციას თბილისში, 4 მისამართზე უფასოდ ჩაატარებს

28 სექტემბერს, ცოფის ვირუსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით “ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო” შინაური ცხოველების ანტირაბიულ (ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო) ვაქცინაციას დედაქალაქის მასშტაბით 4 მისამართზე ჩაატარებს. ცხოველების მეპატრონეებსა და მიმკედლებლებსა შესაძლებლობა ექნებათ, ცხოველებს (ძაღლი; კატა) ანტირაბიული აცრა უფასოდ ჩაუტარონ.

ამის შესახებ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ დირექტორის მოადგილემ, ზვიად ასანიშვილმა და ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ექიმმა-ვეტერინარმა, ნოდარ მაღრაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
სააგენტოს ავტომობილი შემდეგ მისამართებზე განრიგის მიხედვით მივა:
10:00-11:00 სთ – ვარკეთილი, გ. აბაშვილის N20-თან მდებარე პარკი (სავარჯიშო სივრცის მიმდებარედ)
12:00-13:00 სთ – რიყის პარკი (ხიდზე ასასვლელთან)
14:00-15:00 სთ – დედაენის ბაღი (სკეიტ პარკის მიმდებარედ)
16:00-17:00 სთ – დიდი დიღომი, მირიან მეფის N39-თან მდებარე პარკი (ძაღლების სასეირნო სივრცესთან).

“ყოველი წლის 28 სექტემბერს ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღი ლუი პასტერის გარდაცვალების თარიღს ემთხვევა, რომელმაც ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა პირველად შეიმუშავა. ცოფი რთული დაავადებაა რომელიც, ფაქტობრივად, 100 % -იანი ლეტალობით ხასიათდება. სწორად წარმართული სქემებით ვაქცინაცია ერთადერთი საშუალებაა, რომლითაც შეიძლება, ამ დაავადებას ვებრძოლოთ. ვაქცინაცია ცხოველს და ადამიანს ამ საშინელი დაავადებისგან 100 %-ით იცავს.
28 სექტემბერს, ყოველ წელიწადს როგორც სხვა ვეტერინარული სტრუქტურები , შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები, ასევე “ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო” ამ დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს უერთდება. მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს მიერ ცოფის დაავადებასთან მიმართებაში პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებები მთელი წლის მანძილზე მიმდინარეობს, ამ დღეს განსაკუთრებულად ვცდილობთ, რომ მოქალაქეებს ამ დაავადების , მასთან ბრძოლის მეთოდების მნიშვნელობის შესახებ კიდევ დამატებითი აქტივობებით შევახსენოთ. 28 სექტემბერს “ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს” თბილისში, 4 ლოკაციაზე უფასო ვაქცინაციის კამპანია ექნება. მოქალაქეებს შეუძლიათ, ცხოველები მიიყვანონ და ჩვენი თანამშრომლები, ვეტერინარები მათ უფასოდ აცრიან. სასურველია, რომ ცხოველთა მეპატრონეებმა, მიმკედლებლებმა, რომლებიც მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნავენ, წინა ვაქცინაციის თარიღი იცოდნენ. მიუსაფარი ცხოველების შემთხვევაში თუ ეს მათთვის უცნობია, შეუძლიათ, ცხელ ხაზზე დაგვიკავშირდნენ და წინა ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციას მოვიძიებთ”, – განაცხადა ასანიშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ცოფის დაავადების გამოვლინება შემცირებულია.

“ზოგადად, ცოფის ვირუსს გარკვეული პერიოდულობით პიკები ახასიათებს – მომატება და კლება. ქვეყანაში ვეტერინარული სამსახურების გაძლიერების, შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მიერ ჩატარებული პროფილაქტიკურ- საკარანტინო ღონისძიებების დამსახურებით, ქვეყანაში ცოფის დაავადების გამოვლინება ძალიან შემცირდა, დაახლოებით 70%-ითაა შემცირებული, გამონაკლისი არც თბილისია. 2011 წლამდე თუ ათეულობით შემთხვევა იყო, 2011 წლიდან ერთეულ შემთხვევებს არ აღემატება. მიმდინარე წელს 2 შემთხვევით შემოვიფარგლეთ. იმედი გვაქვს, რომ მეტი გამოვლინება არ იქნება. ყველა შემთხვევაში ჩატარებულია და შესაბამისი პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებები მიმდინარეობს. ცხოველები იცრებიან როგორც თავშესაფარში, ასევე იმ არეალში , სადაც ცოფის გამოვლინება იყო. პერიოდულად “სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან” ერთად ვავლენთ ისეთ ზონებს, სადაც გარეული ცხოველების მეტ-ნაკლებად მომატებული რაოდენობა შეინიშნება, იქ ვაქცინაცია ერთობლივად მიმდინარეობს.
შემიძლია, გითხრათ, რომ ყოველწლიურად რამდენიმე ათასი ცხოველი იცრება. მუნიციპალურ თავშესაფარს ცოფზე ვაქცინაციის გარეშე არცერთი ცხოველი არ ტოვებს. ეს რიცხვი ყოველწლიურად მზარდია 5-6-7-8 ათასის რაოდენობით და კიდევ მეტი და მეტი გვაქვს დაგეგმილი”, – განაცხადა ასანიშვილმა.

ექიმი-ვეტერინარის, ნოდარ მაღრაძის თქმით, ცოფისგან თავის დასაცავად ერთადერთი ღონისძიებაა და ეს ანტირაბიული ვაქცინაციაა.

“28 სექტემბერს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ცოფი ძალიან საშიში, ვირუსული, ინფექციური ზოონოზური დაავადებაა, რომლითაც ყველა სახის თბილსისხლიანი ცხოველი ავადდება, ასევე ადამიანი. დაავადების შემთხვევაში ლეტალობა 100 %-იანია. ამისგან რომ თავი დავიცვათ ერთადერთი ღონისძიება ანტირაბიული ვაქცინაციაა. ცხოველის შეძენის შემთხვევაში მეპატრონე ვალდებულია, ფლობდეს ინფორმაციას, თუ რა პროცედურებია ჩასატარებელი. დაახლოებით 40 დღის ასაკიდან გარეგან და შინაგან პარაზიტებზე ორჯერადად დამუშავებას ვიწყებთ . ეს იმისთვისაა აუცილებელი, რომ როდესაც ცხოველს ცოფის ვაქცინაცია მოუწევს, მას იმუნიტეტი სრულფასოვნად ჩამოყალიბებული ჰქონდეს, რათა აცრა შედეგიანი იყოს. რაც შეეხება ზრდასრულ ცხოველებს – უფრო მეტად საშიშები განსაკუთრებით მონადირე ძაღლები არიან. აუცილებლად ყოველწლიური ანტირაბიული ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს ,რათა ცოფი თავიდან ავიცილოთ”, – განაცხადა ნოდარ მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები