„თბილისური ანარეკლი“ – უნიკალური საჩუქარი ქალაქს

ახლად შექმნილი კომპანია „საგამომცემლო სახლი ანარეკლი“ გამოსაცემად ამზადებს უნიკალურ წიგნს — „თბილისური ანარეკლი“.

ორენოვანი, ქართულ-ინგლისური ალბომი „თბილისური ანარეკლი“ მრავალმხრივ საინტერესოა და ფართო საზოგადოებისთვისაა განკუთვნილი. თბილისის მკვლევრებსა და სხვადასხვა თაობის სპეციალისტებს, თბილისზე შეყვარებულ ადამიანებს, თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს მართლაც უნიკალური საშუალება ეძლევათ, ერთი კრებულის ფარგლებში გაეცნონ თბილისის ისტორიას, არქიტექტურას და ქალაქის განაშენიანების განვითარების ეტაპებს.

პროექტზე მუშაობისას ავტორებმა, არქიტექტურის დოქტორ, ურბანისტ მამუკა სალუქვაძისა და ეთნოლოგიის დოქტორ მირიან ხოსიტაშვილის შემადგენლობით, დიზაინერ ნესტან მაღალაშვილისა და ალბომზე მომუშავე ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, თავი მოუყარეს, აღრიცხეს და დაამუშავეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული საარქივო მასალა, ამავე დროს, გამოცემის სრულყოფის მიზნით, შეძლეს თბილისის სხვა საცავებსა და არქივებში, აგრეთვე, კერძო კოლექციებში არსებული და დაცული ისტორიული დოკუმენტების, მათ შორის, ისტორიული გეგმების მოპოვება. პროექტზე მომუშავე გუნდმა უზრუნველყო მასალის გაციფრულება, ბიბლიოგრაფიული აღწერა, რიგ შემთხვევაში, რესტავრაციაც, მათი ალბომში თავმოყრა და მხატვრული გაფორმება. შედეგად შეიქმნა რუკების, პრაქტიკულად, სრული კოლექცია, რომელიც ალბომში განთავსდა ქრონოლოგიურად — უძველესიდან უახლესისაკენ, ვახუშტი ბაგრატიონისეული ქალაქის გეგმიდან — თბილისის დღევანდელ გეგმამდე.

„ბედნიერი ვარ, რომ შევასრულეთ დანაპირები და წელს მკითხველს ვთავაზობთ ბევრად უფრო სრულყოფილ და მრავალფეროვან გამოცემას, ვიდრე ეს იყო შარშანდელი, მცირეტირაჟიანი სასაჩუქრე ალბომი „თბილისური რეტროსპექტივა“, რომელმაც საზოგადოების უდიდესი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

დარწმუნებული ვარ, რომ ის, ვინც შეიძენს და გაეცნობა ორენოვან ალბომს — „თბილისური ანარეკლი“ — საკუთარ მაგიდის წიგნად აქცევს მას და ძალიან ხშირად მიუბრუნდება უკვე ათასჯერ გადათვალიერებული გამოცემის ფურცლებს. მიხარია, რომ თბილისს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საჩუქარი მივუძღვენით. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია „მაგთიკომს“ ალბომის გამოსაცემად გაწეული თანადგომისთვის“ — აღნიშნა წიგნის თანაავტორმა, მამუკა სალუქვაძემ.

მირიან ხოსიტაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას წიგნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ „თბილისური რეტროსპექტივის“ წარმატების შემდეგ ავტორები ერთგვარ ვალდებულებასაც გრძნობდნენ, ქალაქისთვის კიდევ ერთი, თანაც, უფრო უკეთესი წიგნი მიეძღვნათ.

„შარშან, ასეთი ალბომის პირველი რედაქციის გამოცემისას, იმდენად დიდი და პოზიტიური იყო საზოგადოების გამოხმაურება, რომ არ გვქონდა არანაირი უფლება, არ გვეზრუნა  მეორე, კიდევ უფრო საინტერესო და შემეცნებითი წიგნის შექმნაზე. ნაშრომი გათვლილია თბილისის ისტორიით, კულტურით, არქიტექტურითა და ურბანული განვითარებით დაინტერესებულ ფართო საზოგადოებაზე, სპეციალისტებზე, ქვეყნისა და ქალაქ თბილისის სტუმრებზე, ახალგაზრდა თაობაზე, რომლებსაც მიეცემათ საშუალება, მეტი გაიგონ დედაქალაქის ისტორიისა და კულტურის, ყოფისა და ცხოვრების შესახებ“ – აღნიშნა მირიან ხოსიტაშვილმა.

გასათვალისწინებელია, რომ წიგნს, რომლის გაყიდვაც ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყება, უკვე ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება, თუმცა ტირაჟი, სამწუხაროდ, არც ისე დიდია. შესაბამისად, „თბილისური ანარეკლის“ შეძენის მსურველებს თადარიგის წინასწარ დაჭერა მოუწევთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები