რუსეთი – უკურნებელი სენით დაავადებული პაციენტი
რუსეთის გადარჩენა დღეს იგივეა, რაც ებოლის ვირუსის მკურნალობა ცენტრალურ აფრიკაში. ამ შემთხვევაში ვირუსი იმდენად საშიში არ არის, რამდენადაც მისი იგნორირება.
უკრაინის ომის მიმართ დამოკიდებულებამ საზოგადოება ორად გახლიჩა. რუსეთი კი ამასობაში გართხმულია ლიბერალებსა და ნაციონალებს შორის, როგორც ავადმყოფი გოიას ფერწერულ ტილოებზე.
კარგი ამბავი რუსი ნაციონალისტებისთვის არის ის, რომ რუსეთი არ გაგიჟებულა, როგორც ეს ბევრ ღირსეულ ადამიანს მიაჩნია და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას ძალიან საკამათო და ველური საშუალებებით ცდილობს. შეიძლება ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მედიაში დევს გასაღები იმ ყბადაღებული ,,86 პროცენტისა“, რომელმაც კენჭისყრის შედეგად ხმა მისცა ომს, ძალადობას ,,და ყველაფერს კარგს, რაც ყველაფერი ცუდის წინააღმედეგია“.
რუსული საზოგადოების დღევანდელი განწყობა მხოლოდ რომ პროპაგანდას მივაწეროთ, შეცდომა იქნება და ლიბერალურ თვითმოტყუებაში ჩაგვეთვლება. ცუდი ამბავი ნაციონალისტებისთვის არის ის, რომ დღეს უკრაინაში გაჩაღებული ომი ნაციონალური ინტერესებისთვის ყველაზე უფრო მცდარი და თვითმკვლელობის გზით მავალი საშუალებაა, რაც საბოლოოდ ქვეყანას ფატალურ შედეგებამდე მიიყვანს.
რუსეთის პოლიტიკური რეჟიმის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უგულებელვყოთ პოლიტიკური აქტი რუსეთის შესახებ, რომ მას, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას, მსოფლიოში აქვს გარკვეული ეკონომიკური, გეოპოლიტიკური (მათ შორის სამხედრო) ინტერესები, რომელიც არ ემთხვევა სხვა სახელმწიფოების ინტერესებს და, შესაბამისად, მას უფლება აქვს, მიიღოს აქტიური ძალისხმევა, რათა ისინი დაიცვას.
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თავად რუსეთის ეროვნული ინტერესები შეიძლება უგულებელვყოთ, როგორც საშუალო და უმნიშვნელო დეტალი.
არსებული დისკუსია რომ უფრო პროდუქტიული იყოს, საუბარი უნდა დავიწყოთ რუსეთის ნაციონალური ინტერესებით და არ დავამთავროთ ამ თემით… მხოლოდ ამის შემდეგ გაჩნდება შანსი, ერთმანეთს მოუსმინონ ეგრეთ წოდებულმა ,,ექიმებმა“ და ,,ნათესავებმა“.
მზის წნულის დარტყმა
რამდენიმე ხნის წინ ლონდონის ერთ-ერთ უდიდეს მაღაზია ,,Waterstone“-ში გადავხედე წიგნების სტენდს და წავაწყდი საინტერესო ბროშურას დიდი ბრიტანეთის ისტორიის შესახებ. ავტორი ჩამოთვლის მოვლენებს, რომლებიც მოგვიანებით ბრიტანული ეროვნული ცნობიერების ქვაკუთხედი გახდა, თუმცა, ჩვენდა გასაკვირად, აღნიშნული მოვლენები არცთუ ისე ბევრი აღმოჩნდა.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დაიწყო საზოგადოებრივი უფლებების დაცვით, ასევე ეროვნული ჯანდაცვის სისტემით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ (იგივე ბოლშევიკების მიერ არის შექმნილი რუსეთში რამდენიმე ათეული წლით ადრე).
ბოლო პუნქტი ეხება ინგლისელთა გამარჯვებას არგენტინასთან ომში, ბრიტანეთის კონტროლის ქვეშ ფოლკლენდის კუნძულების გადასვლას. ეს გარკვეულწილად გასაკვირი იყო ჩემთვის.
უკრაინა ძალიან მგრძნობიარე, შეიძლება ითქვას – კრიტიკულად აუცილებელი ზონაა რუსეთის ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ინტერესებისთვის. თუმცა იმპერიული სინდრომი იგრძნობა კრემლის ქცევაში. ეს არ ნიშნავს ცალსახა, ან თუნდაც დომინანტურ მოტივს მის ქცევაში.
უკრაინა ისევე მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, როგორც ახლო აღმოსავლეთი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. შეიძლება ითქვას, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ზემოთ აღნიშნული ფოლკლენდის კუნძულები დიდი ბრიტანეთისთვის.
შეიძლება არ მოგვწონდეს პუტინი და მისი პოლიტიკა, მაგრამ ძნელია უარყო ის ფაქტი, რომ ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე ლიბერალური და დემოკრატიული რუსეთის ხელისუფლება პირისპირ თუ დადგა იმ ფაქტის წინაშე, როდესაც უკრაინა ევროპული ეკონომიკის ნაწილი გახდება, ეს დამღუპველი იქნება მისთვის.
რუსეთი და უკრაინა ერთიანი ეკონომიკური სისტემის ნაწილი რჩება (ფორმალურად დამოუკიდებელი მათი ეკონომიკიდან გამომდინარე). ის ფაქტი, რომ საბჭოთა ეკონომიკური “სიამის ტყუპები” პრაქტიკაში ისევ ერთად არიან, მეტყველებს იმაზე, რომ მათი პოლიტიკური განცალკავება დამღუპველი იქნება ორივესთვის. ამიტომ ყველა მოვლენა, რაც უკრაინის ეკონომიკაში ხდება, მტკივნეულად აღიქმება რუსეთისთვის და პირიქით, ნეგატიური ძვრები რუსეთის ეკონომიკაში ბუმერანგის პრინციპით აისახება უკრაინის ეკონომიკაზე. ეს დღეს რეალური პრობლემაა და არა ,,საბაბი“ რაიმე მოვლენის ასახსნელად.
არაფერია გასაკვირი იმაში, რომ კრემლმა არსებულ პირობებში საკუთარი “ტკივილი” სხვებს გაუზიარა.
რა თქმა უნდა, აღმაშფოთებულია, რომ მოსკოვმა აღნიშნული ფაქტი საბაბად გამოიყენა და სამხედრო აგრესიით ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ფაქტი უნდა დაიმალოს და მსოფლიო საზოგადოება გაჩუმდეს.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთს პოტენციურ საფრთხეს უქმნის ნატოს სამხედრო ბაზების უკრაინის ტერიტორიაზე განლაგება, მნიშვნელობა არა აქვს, როგორი პოლიტიკური ხელმძღვანელობა იქნება რუსეთში (პუტინი თუ ხოდორკოვსკი). ნატო აღარ იქნება პრობლემა რუსეთისთვის, მხოლოდ ერთ შემთხვევაში – თუ რუსეთი ნატოს წევრი გახდება.
უკრაინა – ეს არ არის მხოლოდ ზონა, რომელიც ყურადღების ცენტრშია რუსეთის მხრიდან. ეს რუსეთის ეროვნული ინტერესების მთავარი გადაკვეთის წერტილია.
არსებულ პოლიტიკურ ფორმატში რუსეთი უკრაინის გარეშე ვერ იარსებებს.
პრინციპში, რუსეთის რეაქცია შეიძლება გათვლილიყო, მაგრამ ევროპამ და ამერიკამ ეს არ გააკეთა, რადგან დასავლეთმა თავისთვის შეიმუშავა ძალიან სტერეოტიპული და მცდარი კალენდარი, რომლის მიხედვითაც რუსეთი საკმაოდ უღიმღამო ავტოკრატია.
სუსტები იწყებენ და აგებენ
პოსტკომუნისტური ეპოქის მთელი ოცდახუთი წლის მანძილზე, დასავლეთი ნელა, მაგრამ თანამიმდევრულად რუსეთის ფართომასშტაბიან საგარეო იგნორირებას ეწეოდა მათ შორის, ისეთ ტერიტორიულ სექტორებში, სადაც რუსეთს თავისი მნიშვნელოვანი ინტერესები ჰქონდა. არც ბალკანეთში, ერაყში, ლიბიაში და სირიაში რუსეთის აზრი მხედველობაში მიღებული არ ყოფილა. მე არ ვამახვილებ ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ არსებული მოვლენა მართებული ან ადეკვატური თუ იყო დასავლეთის მხრიდან. აღმოჩნდა, რომ ბევრად უფრო ადვილია “რკინის ფარდის” დანგრევა, ვიდრე მის გარეშე ცხოვრება. რუსეთმა დაადასტურა, რომ ის არაკონკურენტუნარიანია დასავლეთის ბაზართან შედარებით, ამიტომ საკმაოდ რთულია მისი ეკონომიკური მდგომარეობის პროგნოზირება. არსებობს აზრი და ეს არ არის გარეშე მიზეზი, რომ ომი რუსეთსა და უკრაინას შორის არის რეაქცია, რომელიც ეგრეთ წოდებულმა უკრაინის რევოლუციამ გამოწვია.
უკრაინული ,,ბლიცკრიგი“ იყო ბოლო წვეთი, რომელიც დაეცა რუსეთის ,,შეურაცხყოფისა და დამცირების ზღვას“ და ის მართვადი კალაპოტიდან გადმოვიდა. რეალური ომის მიზეზი კი არის ქრონიკული კონფლიქტი რუსეთსა და დასავლეთს შორის, რომელიც არსებითად წლების მანძილზე მწიფდებოდა და მხოლოდ უკრაინაში გამოიღო საბოლოო ნაყოფი.
ომი უკრაინაში დაიწყო არა ჭარბი სამხედრო ძალის, არამედ მისი სიმცირის გამო. ეს სასოწარკვეთილი დემარშია სუსტი მხარისა ძლიერის წინააღმდეგ. ღია ეკონიმიკურ ფორმატში რუსეთი ეფექტურად ვერ დაიცავს თავის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს უკრაინაში. თუ უკრაინა თავისუფალი ეკონომიკური სივრცე გახდა, მაშინ ავტომატურად მოხდება რუსეთის ეტაპობრივი გამოდევნა აღნიშნული ეკონომიკური პლაცდარმიდან. თუ მსგავსი მოვლენები მოხდა, მაშინ რუსეთს ძალიან გაუჭირდება უკრაინასთან ტრადიციული კამათის გაგრძელება ენერგორესურსების ფასებზე. უკრაინა ადრეც აპირებდა თავისი ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდგომარეობის გამოყენებას, როგორც ტრანზიტული ქვეყანა და სანაცვლოდ გაზის ფასდაკლებით მიღებას. დღევანდელ სიტუაციაში, როცა ის ევროკავშირთან ერთად ახალ ეკონომიკურ სივრცეს ქმნის, უკრაინა უფრო ეფექტურად გამოიყენებს არსებულ მდგომარეობას.
უკრაინის რევოლუციამ პუტინს პოლიტიკური ნაბიჯის გაგრძელების კომფორტული შესაძლებლობა მოუსპო. ის ახლა დილემის წინაშე დგას: რუსეთი აქციოს მართლა ძლიერ და კონკურენტუნარიან სახელმწიფოდ, სადაც გატარდება ძლიერი ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმები, ან არაფერი არ შეცვალოს ქვეყნის შიგნით და დასავლეთს დაახევინოს უკან სამხედრო ძალის გამოყენებით, თვითონ კი ,,ჩინეთის კედელს“ ამოეფაროს. კრემლის ომები – ეს არის იმიტაცია იმ ისტორიული გამოძახილისა, რომელიც ყოველთვის დგებოდა რუსეთის წინაშე, გაეცა პასუხი შიდა პოლიტიკური პრობლემებისთვის.
ლიბერალიზმი და ნაციონალური ინტერესები
დიდი პოლიტიკური გამოცდილება არ არის საჭირო იმისთვის, რომ ყველაფერში ვლადიმერ პუტინი დავადანაშაულოთ, მაგრამ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ ამ პოლიტიკური ქმედებების ლოგიკა ვიპოვოთ. პუტინმა შეაფასა სიტუაცია და დასავლეთს პასუხი გასცა, მაგრამ მისი პასუხი არ იყო სწორი. იმის მაგივრად, რომ მას განეხორციელებინა რუსეთის ღრმა მოდერნიზაცია და გაეზარდა ქვეყნის კონკურენტუნარიანობა, მან შეაჩერა ისტორიული დრო და უარყო დასავლეთის “ზრდილობიანი ხალხი”. რუსეთი ახლა ემსგავსება ,,ეშმაკ თევზს“, რომელიც საკმაოდ მცირეა და არც ისე საშიში მტაცებელია. ის ახლა ფსკრზე ჩადის და იბერება. ის აქტიურად წვავს საკუთარ ნავთობს და შორეულ ნაპირებისკენ უშვებს თავის ბომბდამშენებს, რათა ,,ლეშის მჭამელები“ შეაშინოს. მაგრამ არავის აღარ ეშინია მისი. რუსეთთან ომს არავინ არ დაიწყებს, დასავლეთი უბრალოდ დაელოდება, როდის დამთავრდება რუსეთში საწვავი. პუტინი არ არის სტალინი. ომები, რომლებსაც აწარმოებდა სტალინი, რუსეთის პოლიტიკური მოდერნიზაციის მკაცრი რეჟიმი იყო, ომები, რომელსაც აწარმოებს ვლადიმერ პუტინი, არის მისი შემცვლელი. მაგრამ პუტინს არა აქვს სტალინური მასშტაბები, არც სტალინის იდეოლოგიურ ფსიქოლოგიური ბაზა. პუტინი არ არის დიდი ინკვიზიტორი, ის დიდი იმიტატორია, რომელიც ქმნის ისტორიული ცხოვრების ილუზიას, დღეს არსებულ ჭაობში. პუტინი ატარებს სპირიტულ სეანსებს და წარსულის იმპერიებს უხმობს, რომლებსაც უკვდავი ბელადები მართავდნენ, მაგრამ წარსულის სულებს არ შეუძლიათ თანამედროვე იარაღებისთვის მიკროჩიპების დამზადება.
ომმა შეიძლება რუსეთი გაიყვანოს გარკვეულ სტაბილურ პლატფორმაზე, მაგრამ ეს დროებითი პერსპექტივაა, რადგან ტექნოლოგიური გარღვევის გარეშე რუსეთის მომავალი საკმაოდ ბუნდოვანია. ტექნოლოგიური გარღვევა კი ეფექტური სამუშაო ინსტიტუტების გარეშე შეუძლებელია. თეორიულად პუტინს შეუძლია გახდეს ,,დიდი ინკვიზიტორი“, მაშინ მან დიქტატორ ლი კვან იუ-ს მსგავსად უნდა დაიჭიროს ყველა მისი ახლობელი, ან მათი ლიკვიდაცია მოახდინოს, მაგრამ რუსეთი სინგაპური არ არის და თუ ეს მაინც მოხდა, მაშინ სულ სხვა ისტორია დაიწერება. პუტინმა დასავლეთს გასცა ისეთი პასუხი, რომელიც აწყობდა არა რუსეთს, არამედ მმართველ ელიტას. პუტინმა შეძლო, დაეჯერებინა რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი იმაში, რომ რუსეთისა და მმართველი რეჟიმის ინტერესები იდენტურია. ამის შედეგად პრეზიდენტმა რუსეთის მოსახლეობის უსაზღვრო მხარდაჭერა მიიღო. ეს მან საკმაოდ იოლად მოახერხა, თუმცა ამაში პუტინის ნიჭი კი არ გამოვლინდა, არამედ რუსეთის მოსახლეობის პოლიტიკური სიბეცე და არაშორსმჭვრეტელობა. ლიბერალური ოპოზიაცია ისე გაერთო ვლადიმერ პუტინთან პოლიტიკური დაპირისპირებით, რომ მხედველობიდან გამორჩა ქვეყნის უსაფრთხოების თემა, რომელიც მთლიანად ,,მმართველმა რეჟიმმა“ საკუთარ კონტროლქვეშ აიღო.
რუსეთში გამეფებულია მიზანმიმართული ლიბერალიზმი, რომლისთვისაც რუსეთი არსებობს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვაკუომში. რეალობაში კი ის საერთაშორისო ეკონომიკური ბაზრის მიღმა დარჩა, როგორც არაკონკუნტუნარიანი ქვეყანა. დღევანდელი პოლიტიკური გადასახედიდან პუტინი არაკონკურენტულ გარემოში, გიგანტური ქვეყნის სათავეში აბსოლუტურად მარტო აღმოჩნდა. ყველა არალიბერალურმა პოლიტიკურმა ძალამ კი პუტინთან ალიანსი შეკრა და ერთი საერთო სივრცე ჩამოაყალიბა. კრემლმა მომავალი ომის საბაბით რუსეთის მოსახლეობის სრული მობილიზაცია მოახდინა, ლიბერალური ოპოზიცია კი ითხოვს საომრად გამზადებული საზოგადოების ,,დემობილიზაციას“. დღეს ყველა ,,სამშვიდობო“ ძალისხმევა აბსულუტურად უშედეგო იქნება, თუ ობიექტურად არ შეფასდა რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირების რეალური მიზეზები (ამ მომენტისთვის ,,უკრაინის ფორმატი“). როცა ინგრევა მშვიდობა, მნიშვნელობა არა აქვს ოჯახში თუ პლანეტაზე, არასოდეს არ არის დამნაშავე ერთი კონკრეტული მხარე. ლიბერალურმა ძალებმა რუსეთში საკუთარი ნაციონალური პროგრამა უნდა დაუპირისპირონ პუტინის პოლიტიკურ სტრატეგიას, ან საერთოდ დატოვონ ისტორიის პოლიტიკური სცენა.
წყარო: http://www.novayagazeta.ru