“გვინდა განაცხადის შეტანა ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე, მასპინძლობა ნიშნავს ჩვენი ქვეყნის იმიჯის გაძლიერებას” – კობახიძე

“გვინდა განაცხადის შეტანა ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე, გამონაკლისების დაშვება ხდება, მაგრამ სტანდარტია ის, რომ 70 000 მაყურებელზე უნდა იყოს გათვლილი სტადიონი, რომელიც უმასპინძლებს ჩემპიონთა ლიგის ფინალს”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ “შაბათის კურიერში” ისაუბრა.

“თბილისის მიერ ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა ნიშნავს იმიჯის გაძლიერებას არამარტო სპორტული კუთხით, არამედ ზოგადად ჩვენი ქვეყნის იმიჯის გაძლიერების მიმართულებით. შესაბამისად, ვფიქრობ, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია მიუხედავად იმისა, რომ ხარჯი ძალიან დიდი იქნება. მიდის ამაზე ბიუჯეტის დაზუსტება.

იცით რამხელა მოთხოვნაც არის, დინამოს სტადიონიც ვერ აუდიოდა იმ მოთხოვნას, რომელიც გულშემატკივრის მხრიდან იყო. დინამო დაახლოებით 50 000 მაყურებელს მასპინძლობს. ამ პროექტის განხორციელებაზე აქტიურად ვმუშაობთ – ქვეყანას ახალი, თანამედროვე სტადიონი უნდა ჰქონდეს. ჩვენი გეგმაა ის, რომ შემდეგო 4 წლის განმავლობაში და მოგვიანებითაც, ვიზრუნოთ ასევე შედარებით მცირე სტადიონების განვითარებაზე. მაქსიმალური ინვესტიცია უნდა ჩაიდოს.

ფეხბურთის გარდა, ყველა სპორტის სახეობას ეხება ეს ყველაფერი. გვჭირდება რაც შეიძლება მეტი სპორტული დარბაზი და საცურაო აუზი. გვინდა პერსპექტივაში უზრუნველვყოთ ის, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტს ჰქონდეს სრულად გამართული სპორტული ინფრასტრუქტურა. ეს ყველაფერი დაკავშირებულია ბიუჯეტთან. ჩვენ პრაქტიკულად ნულიდან დავიწყეთ ეს ყველაფერი და შესაბამისად ყველაფრის გაკეთება 4 წელიწადში შეუძლებელია. მთავარია გვქონდეს გეგმა, რომელსაც წლიდან წლამდე მივყვებით,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები