დედაქალაქის ისტორიულ ქუჩებში რიგით მე-13 თბილისიმარათონი გაიმართება

რიგით მე-13 თბილისიმარათონი, კომპანია ჰანიველცემენტის ორგანიზებით, 2024 წლის 22 სექტემბერს, თბილისის ცენტრალურ ქუჩებში გაიმართება და სტარტს 08:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე აიღებს.

თბილისიმარათონის საორგანიზაციო გუნდის ინფორმაციით, თბილისიმარათონის მარშრუტი კვლავაც ქალაქ თბილისის ცენტრალურ უბნებს მოიცავს – სპეციალურად ღონისძიებისთვის გადაიკეტება ქალაქის ისტორიული ქუჩები.

“თბილისიმარათონი 3 გარბენს მოიცავს:

  • ნახევარმარათონს (21,097 კმ) – რეგისტრაციის საფასური – 50 ლარი;
  • 10 კილომეტრიან გარბენს – რეგისტრაციის საფასური – 40 ლარი;
  • ბავშვთა გარბენებს (6-11 წლამდე – 500მ და 11-15 წლამდე – 1,2კმ) – უფასო რეგისტრაცია.

თბილისიმარათონის რეგისტრაციიდან შემოსულ თანხას კომპანია ჰანიველგცემენტი ბენეფიციარს გადასცემს.

ცნობისთვის, თბილისიმარათონი ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენია, რომელიც კომპანია ჰანიველცემენტის ორგანიზებით, ქალაქ თბილისის მერიის, საქართველოს საპატრულო პოლიციის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საბერძნეთის საელჩოს პატრონაჟით ტარდება.

ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას და დედაქალაქში სპორტული ტურიზმის განვითარებას ემსახურება. შესაბამისად, მასში მონაწილეთა რიცხვიც ყოველწლიურად მატულობს.   მონაწილეთა შორის არიან უცხოელი სტუმრები 60-ზე მეტი ქვეყნიდან, დიპლომატიური კორპუსი, ასევე სამთავრობო და ბიზნესსექტორი.  საზოგადოების დიდი დაინტერესებიდან გამომდინარე,  წელს 3000-მდე გაიზარდა მონაწილეთა რიცხვიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის, არამედ ტურიზმის განვითარებისთვისაც.

2015 წლიდან თბილისმარათონი მარათონებისა და გრძელ დისტანციებზე გარბენთა საერთაშორისო ასოციაციის (AIMS) წევრია, შესაბამისად ღონისძიება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ტარდება, შედეგების დათვლაც მსოფლიოში აპრობირებული, RaceResults-ის ოფიციალური სისტემით მოხდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები