CNN: აშშ უკრაინას სამხედრო პაკეტების მოცულობას უმცირებს

აშშ უკრაინას სამხედრო პაკეტების მოცულობას უმცირებს, რადგან პენტაგონში შიშობენ, რომ შეიარაღების საკუთარი მარაგები ამოეწურებათ, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ამერიკული ტელეარხის ცნობით, იარაღის ამერიკელი მწარმოებლები ცდილობენ დაეწიონ უზარმაზარ მოთხოვნას, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაჩნდა. თუმცა, ამერიკელები შიშობენ, რომ უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის გამო, შესაძლოა, თავად ამერიკის სამხედრო მზადყოფნის ხარისხი დაზარალდეს.

ტელეარხი ამტკიცებს, რომ აპრილში პენტაგონმა უკრაინისთვის 1 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა, თუმცა ვერცერთმა პაკეტმა 400 მილიონ დოლარს ვერ გადააჭარბა, ზოგი კი 125 და 250 მილიონ დოლარსაც არ სცდებოდა.

მანამდე, 2022 და 2023 წლებში ამერიკული დახმარების პაკეტების მოცულობა 600-800 მილიონი დოლარის ფარგლებში მერყეობდა. დახმარების ყველაზე დიდი პაკეტი – 2,85 მილიარდი დოლარი – 2023 წლის იანვარში გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები