მამუკა მდინარაძე – ოპოზიციაზე: აბა ერთი ფრაზა ვინმემ თქვას, სად ითქვა ან რუსეთი, ან მკვლელი, ან მწამებელი, რომ ვინმემ ბოდიში უნდა მოიხადოს მის წინაშე – ტყუილი რატომ დასჭირდათ?!
„აბა ერთი ფრაზა ვინმემ თქვას, სად ითქვა ან რუსეთი, ან მკვლელი, ან მწამებელი, რომ ვინმემ ბოდიში უნდა მოიხადოს მის წინაშე. ტყუილი რატომ დასჭირდათ?!”,- ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ კითხვას, “რას უპასუხებს ხელისუფლების ოპონენტებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ბოდიშის მოხდა რუსეთთან მიმართებით იგულისხმა და არგუმენტი აქვთ, რომ საქართველოს ომი ჰქონდა რუსეთთან და არა ოსებთან”.
მდინარაძის თქმით, ხალხების გაერთიანება მიტევებით უნდა მოხდეს.
“ურთიერთმიტევებაზე და ბოდიშზე როგორც გურამ მაჭარაშვილმა თქვა დღეს, კრუნჩხვებში რომ ჩავარდნენ, დიდი შერიგება ბოდიშის გარეშე არ არსებობს. როდესაც ვამბობდით, რომ ისინი არიან ომის პარტიის წარმომადგენლები, გამოჩნდა თუ არა?! მარტივი და სრული ლუსტრაცია მოხდა თუ არა იმის, რომ დიახ, ისინი ომის პარტიას, ომის ნარატივს წარმოადგენენ. დიახ, ომი უნდათ მართლა. როგორც კი ქმედითი ნაბიჯები შერიგებისაკენ დაინახეს, იმწამსვე ამის საწინააღმდეგო ვითომ ემოციური კამპანია დაალაგეს და უბრალოდ იტყუებიან, თითქოს ვიღაცამ რუსებს უნდა მოუხადოს ბოდიში, ანწუხელიძის მკვლელს და მწამებელს. რატომ სჭირდებათ ასეთი ბინძური ტყუილი? – მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ რეალურად ვამბობთ, რომ ოსები და აფხაზები ჩვენი დები და ძმები არიან და ჩვენ დიდი შერიგება ამ ქვეყნის მხოლოდ ტერიტორიის კი არა, ხალხების გაერთიანებაც უნდა შევძლოთ ურთიერთპატიებით და მიტევებით. ურთიერთპატიების დროს საჭიროა ამის წინაპირობად გადადგას ძლიერმა ნაბიჯი და თქვას, რომ დიახ, მე თქვენ აფხაზებს, ოსებს და არა მკვლელებს და მწამებლებს, არა გმირების მკვლელებს, არა ოკუპაციის ავტორებს, არამედ ჩვენს დებს და ძმებს შემიძლია მოვუხადო ბოდიშიც, დავდგე ჩემს თავზე მაღლა, ურთიერთპატიების ნაბიჯები გადაიდგას და ქვეყანა და ხალხები გაერთიანდეს“, – აღნიშნა მდინარაძემ.