პრეზიდენტი ოლიმპიელებს და პარალიმპიელებს: თქვენ არა მხოლოდ დაიმსახურეთ ჯილდოები და პრემიები, თქვენ მიიღეთ ბევრად მეტი, ბევრად მარადიული, ისეთი რამ, რაც ვერაფერში ვერ უნდა იცვლებოდეს და ეს არის ხალხის სიყვარული
თქვენ არა მხოლოდ დაიმსახურეთ მედლები, ჯილდოები და პრემიები, თქვენ მიიღეთ ბევრად მეტი, ბევრად ძვირფასი, ბევრად მარადიული, ისეთი რამ, რაც ვერაფერში ვერ უნდა იცვლებოდეს და ეს არის ხალხის სიყვარული, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართველ ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს დაჯილდოების ცერემონიალზე, სადაც მათ მედლები გადასცა.
პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლაში 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის მონაწილეებს ცხოვრებისა და შემდეგი გამარჯვებების გზაზე ხალხის სიყვარულის დაფასება, გაფრთხილება და შენარჩუნება უსურვა.
„სპორტსმენებო, გამარჯვებულებო თუ მონაწილეებო, ერთნაირად გღებულობთ დღეს თქვენი ქვეყნის მოსახლეობა. თქვენ არა მხოლოდ დაიმსახურეთ მედლები, ჯილდოები და პრემიები, თქვენ მიიღეთ ბევრად მეტი, ბევრად ძვირფასი, ბევრად მარადიული, ისეთი რამ, რაც ვერაფერში ვერ უნდა იცვლებოდეს და ეს არის ხალხის სიყვარული. დაე, შეგეძლოთ თქვენი ცხოვრებისა და შემდეგი გამარჯვებების გზაზე ამ სიყვარულის დაფასება, გაფრთხილება და შენარჩუნება.
ჩვენი ისტორიის ამ ურთულეს პერიოდში თქვენ სჭირდებით ქვეყანას, სჭირდებით მომავალ თაობებს, ახალგაზრდებს, ვინც გიყურებთ გაბრწყინებული თვალებით და თქვენგან მაგალითს ელის, მაგალითს პროფესიონალიზმის, თავდადების, შემართების და მიზანდასახულობის.
მინდა, სულითა და გულით ყველას მოგილოცოთ და მივულოცო აქ შეკრებილ საზოგადოებას ეს დიდი გამარჯვება, ეს დიდი სიხარული, ეს დიდი სიყვარული“, – განაცხადა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.