ნიკოლოზ სამხარაძე: ეუთო ოდირის ამ არჩევნებზე უარყოფითი დასკვნის დაწერის საბაბი არ ექნება
იმ შემთხვევაში თუ რომელიმე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, კონკრეტულად კი ეუთო ოდირი იტყვის, რომ ეს არჩევნები არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, ამისთვის მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს საფუძველი. თუმცა ეს საფუძველი მას არ ექნება, რადგან საქართველოში ყველა ასპექტის გათვალისწინებით კონკურენტუნარიანი წინასაარჩევნო გარემოა,- განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.
„ჩვენ გვექნება ელექტრონული არჩევნები, შესაბამისად აქ გამოირიცხება ყველანაირი სპეკულაცია იმაზე, რაც 2020 წელს გვქონდა, თითქოს დაგვიანებით გამოცხადდა შედეგები და ა.შ.
ეუთო ოდირის ამ არჩევნებზე უარყოფითი დასკვნის დაწერის საბაბი არ ექნება, მაგრამ ოპოზიცია მაინც გამოვა ქუჩაში იმიტომ, რომ ესენი არიან უტიფარი ადამიანები და როგორც 2020 წელს ამტკიცებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა, ასევე იტყვიან წელსაც. თუმცა ნაკლებად მძაფრი სცენარი იქნება, რადგან წელს ჩვენი გამარჯვება უფრო დამაჯერებელი იქნება, ვიდრე 2020 წელს.
2024 წელს ცოტა ხნით ბოიკოტს გამოაცხადებენ და მერე, როგორც „პუფებად“ შემოვიდნენ წინა მოწვევის პარლამენტში, ასევე „პუფებად“ შემოვლენ ახალი მოწვევის პარლამენტშიც“, – აღნიშნა სამხარაძემ.