ნიკოლოზ სამხარაძე: არჩევნები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ცხრა რეკომენდაციიდან. ევროკომისიამ ამ ცხრა რეკომენდაციის შესრულების პროცესი უნდა ასახოს ანგარიშში და სანამ არჩევნები არ ჩატარდება, მანამდე ვერ აისახება

არ მინდა მჯეროდეს, რომ ვინმეს ბრიუსელში სურს, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის ნებაზე ზემოქმედება იქონიოს ასეთი მიუღებელი მეთოდებით, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „იმედი LIVE“-ში.

წამყვანმა მას ჰკითხა, შეიძლება თუ არა ერთგვარ ინსტრუმენტად იყოს გამოყენებული ის ანგარიში, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, არჩევნებამდე, ოქტომბრის შუა რიცხვებში იქნება მზად უკვე და რომელიც ერთგვარი რეკომენდაციაა ევროკავშირის მიმართ, გახსნას თუ არა მოლაპარაკებები საქართველოსთან.

„არ გამოვრიცხავ ამას [რომ ინსტრუმენტად იყოს გამოყენებული ანგარიში]. კიდევ ერთხელ დავუბრუნდები იმ საკითხს, რომ არჩევნები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ამ ცხრა რეკომენდაციიდან. რეალურად, ევროკომისიამ ამ ცხრა რეკომენდაციის შესრულების პროცესი უნდა ასახოს ანგარიშში და სანამ არჩევნები არ ჩატარდება, მანამდე ვერ აისახება შესაბამისად. ჩვენი მოლოდინი არის, რომ ის საკითხები, რომელიც შესრულდა, იმედი მაქვს პოზიტიურად შეფასდება ანგარიშში. ჩვენ გარდა ამ [„გამჭვირვალობის შესახებ“] კანონისა, ძალიან ბევრი სხვა საკითხიც გვქონდა, რომელშიც პარლამენტმა იმსჯელა, კანონები მიიღო. არ მინდა მჯეროდეს, რომ ვინმეს ბრიუსელში სურს, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის ნებაზე ზემოქმედება იქონიოს ასეთი მიუღებელი მეთოდებით, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ“, – აღნიშნა სამხარაძემ.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს 19 მაისს ვეტო დაადო, რომელიც პარლამენტმა 28 მაისს დაძლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები