ნიკოლოზ სამხარაძე: თუ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა შეიძლება საქართველო საგარეო კუთხით რუსეთისკენ მოატრიალოს, გამოდის, რომ საფრანგეთი და კანადაც, რომლებმაც ჩვენს შემდეგ მიიღეს კანონი, რუსეთთან ინტეგრაციისკენ მიისწრაფვიან
თუ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა შეიძლება საქართველო საგარეო კუთხით რუსეთისკენ მიატრიალოს, გამოდის, რომ საფრანგეთი და კანადაც, რომლებმაც ჩვენს შემდეგ, ერთ კვირაში მიიღეს კანონი, რუსეთთან ინტეგრაციისკენ მიისწრაფვიან, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „იმედი LIVE“-ში.
წამყვანმა მას ჰკითხა, რას უპასუხებს ოპოზიციის ბრალდებას, რომ ხელისუფლებამ შეიცვალა კურსი, რაზედაც ისინი მთელ საარჩევნო კამპანიას აგებენ; მუშაობს თუ არა ამომრჩეველზე ის განცხადებები, რომ „ქართული ოცნება“ მიდის რუსეთისკენ.
„სხვა ხელმოსაჭიდი თემა, რომელიც მათ [ოპოზიციას] შეუძლიათ არჩევნებში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გამოიყენონ, არ არსებობს. ადამიანის უფლებების საკითხი დღის წესრიგში არ დგას, არც დემოკრატიის საკითხი, არც ეკონომიკის, არც ინფრასტრუქტურის, არც სოფლის მეურნეობის, შესაბამისად, ისინი ცდილობენ, რომ ითამაშონ ხალხის გრძნობებსა და პატრიოტიზმზე. კარგად იციან, რომ ქართველი ხალხისთვის რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა, შესაბამისად, მიუღებელია ამ კონტექსტში რუსეთთან თანამშრომლობა. სანამ ოკუპაცია არის, რუსეთთან ვერანაირი ურთიერთობა ვერ იქნება, მაგრამ ცდილობენ, გრძნობებზე ითამაშონ და აჩვენონ ქართველ ხალხს, თითქოს „გამჭვირვალობის კანონი“, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობას ეხება და მეტს არაფერს, ცვლის საქართველოს საგარეო კურსს. თუ ამ კანონმა შეიძლება საქართველო საგარეო კუთხით რუსეთისკენ მოატრიალოს, გამოდის, რომ საფრანგეთი და კანადაც, რომლებმაც ჩვენს შემდეგ, ერთ კვირაში მიიღეს არა მხოლოდ ანალოგიური, ბევრად უფრო მკაცრი კანონი, რუსეთთან ინტეგრაციისკენ მიისწრაფვიან“, – აღნიშნა სამხარაძემ.