ნიკოლოზ სამხარაძე: ეკა გიგაურის გამოსვლა აჩვენებს რამდენად აცდენილნი არიან კონგრესში იმ რეალობას, რომელიც საქართველოშია
ეკა გიგაურის გამოსვლა აჩვენებს, რამდენად აცდენილნი არიან კონგრესში იმ რეალობას, რომელიც საქართველოშია. როდესაც შენ მიიწვევ მომხსენებლად ეკა გიგაურს ნეიტრალურ დამკვირვებლად, რომ ილაპარაკოს საქართველოში არსებულ ვითარებაზე, ეს დაახლოებით იგივეა, რომ მე საგარეო კომიტეტზე მოვიწვიო მენსონის სექტის წარმომადგენელი და ვასაუბრო აშშ-ში ადამიანის უფლებებზე და დემოკრატიაზე, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ეკა გიგაურის სენატში გამოსვლას გადაცემაში „იმედი LIVE“.
„გიგაური ვერანაირად ვერ იქნება ვერც ობიექტური დამკვირვებელი, ვერც ნეიტრალური და საერთოდ დამკვირვებელიც ვერ იქნება იმიტომ, რომ მას პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს. ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც სურთ რომ იყვნენ ობიექტური დამკვირვებლები მაშინ არ უნდა ერეოდნენ პოლიტიკაში.
ამ მოსმენიდან ვერავინ ვერაფერს გაიგებს იმიტომ, რომ იქ არა არის წარმოდგენილი რეალობა და რეალობას ვერ წარმოადგენს ადამიანი, რომლის ორგანიზაციაც არანაირი ავტორიტეტით არ სარგებლობს ქვეყანაში. მე მოვუწოდებ ჩვენს ამერიკელ კოლეგებს, რომ ნახონ ინსტიტუტების რეიტინგები და მიხვდებიან სად არიან არასამთავრობო ორგანიზაციები.
როდესაც შენ ცდილობ, რომ შავზე თქვა რომ არის თეთრი, ეს უბრალოდ თაღლითობაა. 2012 წლიდან საქართველოს ყველა მაჩვენებლით აქვს პროგრესი, ეს არის არაერთგზის დადასტურებული უამრავი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. ამის ყველაზე კარგი დასტურია ისიც, რომ საქართველომ 2023 წელს საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.