მარინე ლობჟანიძე: ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება იყოს არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება უარყოფითი პოლემიკის საგანი

ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება იყოს არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება უარყოფითი პოლემიკის საგანი – აცხადებს საზოგადოება “ქართულის ” თანადამფუძნებელი მარინე ლობჟანიძე და პრემიერის ინიციატივას მიესალმება.

“პრემიერის ინიციატივა დროულია, წინ გადადგმული ნაბიჯია ქართული სახელმწიფოსთვის და მისი ინტერესებისთვის. ცოტა ღიმილის მომგვრელია, იმ “ენჯეოების” დამოუკიდებლობაზე საუბარი, რომლებიც უკვე წლებია ჩვენთან არსებობენ და ვიცით, რომ ფინანსდებიან უცხოური სახელმწიფოების და არა დამოუკიდებელი დონორებისა თუ ორგანიზაციის მიერ.

რასაკვირველია, თავის დროზე მათ საკმაოდ პოზიტიური როლი შეასრულეს, ბევრი კარგი და პროგრესული გაკეთდა, მაგრამ დროთა განმავლობაში გამოიკვეთა სხვადასხვა ინტერესები, რომლებიც მაინცდამაინც კარგად არ გამოიყურება საქართველოსთან მიმართებით, რეალურად ხომ ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი და მიზნები ამოძრავებს ” – აცხადებს მარინე ლობჟანიძე და აღნიშნავს , რომ გაცილებით ჯანსაღია ჩვენს ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა დავაფინანსოთ.

“აქ იქნება ორი ძალიან მნიშვნელოვანი საყრდენი სეგმენტი. ერთი თვითონ ის ორგანიზაცია, რომელშიც უნდა გაერთიანდნენ თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალები და მეორე – ის მხარე, რომელიც ამ არასამთავრობოებს გააკონტროლებს, მათი საქმიანობა გაშუქდება მედიაში, შეუძლია გააკონტროლოს ოპოზიციურმა მხარემაც და რაც მთავარია, ეს იქნება სრულიად დამოუკიდებელი ორგანო , რომელიც არ იქნება მართული არცერთი პარტიის და სხვა სახელმწიფოს მიერ. მე ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება იყოს ეს ინიციატივა უარყოფითი პოლემიკის საგანი” – აცხადებს საზოგადოება “ქართულის” თანადამფუძნებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები