სოზარ სუბარი: ყველა ნაბიჯი, რომელსაც დგამდა „ნაცმოძრაობა“, იყო ანტიევროპული

,,ყველა ნაბიჯი, რომელსაც დგამდა „ნაციონალური მოძრაობა“, იყო ანტიევროპული”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მე-11 ნომერმა სოზარ სუბარმა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ვინმემ გადადგა ევროპასთან ინტეგრაციისკენ ნაბიჯები, ეს „ქართული ოცნება“ იყო.

„ძალიან სასაცილოა პოზიტივები, რომლებზეც ისინი ლაპარაკობენ, თუმცა, რამდენიმე მუხლს მაინც შევეხები მათი ამ განცხადებებიდან. ახლა 14 მილიარდი, რომ ზღაპარია, ამაზე ლაპარაკიც არ ღირს. ის, რომ „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ ვამბობთ და მართლაც, ლამის მთელი ეს ოპოზიცია ერთიანია, ეგ იქიდანაც კარგად ჩანს, რომ ზუსტად ერთი და იგივე სახეებია „ნაციონალური მოძრაობის“ და „ლელოს“ შეხვედრებზე რეგიონებში, მაგრამ რაღაც 5 პუნქტიანი გეგმა გამოაგდეს.

მაგალითად, პირველი – კი ევროპას. ყველა ნაბიჯი, რომელსაც დგამდა „ნაციონალური მოძრაობა“, იყო ანტიევროპული. ადამიანის უფლებების სრული იგნორირება, ტელევიზიებში შევარდნები, ადამიანების წამება, სოციალური პაკეტის აბსოლუტური იგნორირება. ეს ყველაფერი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და ეს იყო ანტი ევროპა სწორედაც. თუ ვინმემ გადადგა ევროპასთან ინტეგრაციისკენ ნაბიჯები, ეს იყო სწორედ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება და „ქართული ოცნება“, რომლის წევრიც ვიყავი და დამფუძნებელიც ამ ორი წლის წინ, სანამ დავტოვებდი.

შემოსავლების ზრდაზე ლაპარაკობდნენ, სამჯერ შემცირდა უმუშევრობა და სამჯერ შემცირდა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების რაოდენობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში და ერთი პროცენტით არ შემცირებულა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების რაოდენობა „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრა წლიანი მმართველობის პირობებში, თუმცა, ეკონომიკა ვითომ იზრდებოდა, მაგრამ ეს ეკონომიკის ზრდა არ აისახებოდა ქართველ ხალხზე.

პენსიონერების დაცვაზე ლაპარაკობენ და სწორედ ესენი იყვნენ, ვინც გააუქმეს საპენსიო ფონდი და სწორედ ესენი იყვნენ, ვინც პენსიონერები კი არა, 45 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები გამოაცხადეს ჩარეცხილებად, გიული ალასანიას გარდა, რა თქმა უნდა, რომელსაც მილიარდიანი ქონებები ჩაახუტეს სრულიად უფასოდ. გამოაცხადეს ჩარეცხილებად და პრაქტიკულად, სამსახურებში მუშაობის უფლებას არ აძლევდნენ.

ძლიერ ოჯახზე საუბრობენ ადამიანები, რომლებსაც სოდომ გომორი ჰქონდათ მოწყობილი თავის პარტიაშიც და ოჯახებშიც და ეს არის ტყუილზე დაფუძნებული 5 პუნქტიანი გეგმა, რომელსაც არაფერი აქვს რეალობასთან საერთო. ასე, რომ ჩვენ ნამდვილად ვერ დავეთანხმებით თითქოს რაღაც პოზიტივზე ლაპარაკობენ. პოზიტივს შესაძლოა ცდილობენ, მაგრამ ვითომ ეს პოზიტივიც მათ საწინააღმდეგოდ მიდის.

რაც შეეხება ფასების მაფიის დასრულებას, სწორედ მათ დროს იყო ფასების მაფია. მათ დროს იყო მონოპოლიზებული მთელი მიმართულებები და ჩვენ, თუნდაც ბოლო წლებში რაც გაკეთდა, იგივე წამლებთან დაკავშირებით. რამდენიმე ათასი დასახელების წამალია, რომლებიც ძალიან ფიქსირებულ ფასად მიეწოდება მოსახლეობას. ზოგი უფასოდ, ზოგი ძალიან დაბალ ფასად, რომლებზეც კონტროლი ხორციელდება და ესეც ის კონტროლია, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელი იყო მათ გაცხადებულ პოლიტიკასთან, რასაც ლიბერტარიანიზმს უწოდებდნენ“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები