“ვინანიებ, აღარაფერი მაქვს სათქმელი” – 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული
“ვინანიებ, აღარაფერი მაქვს სათქმელი”, – ამის შესახებ 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულმა, ოთარ ცინდელიანმა სასამართლო პროცესზე, დასკვნითი სიტყვის ეტაპზე განაცხადა.
ადვოკატ გელა ტყეშელაშვილის თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ გარდაცვლილი გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი იყო.
„სასამართლოს ვერ დაუდასტურეთ, რომ ტანჯვა განიცადა. შესაძლოა, იმაზე მეტი ტანჯვა განიცადა, ვიდრე წარმოგიდგენიათ, მაგრამ ეს ვერ დაუდასტურეთ… მტკიცებულება არ არსებობს, რომ გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი იყო, ამასთან მას პოლიციისთვის არასდროს მიუმართავს.
ბრალდების მხარემ განსხვავებული მოპყრობის, დისკრიმინაციული ფაქტი ვერ დაადასტურა.
დაცვა აცნობიერებს, რომ ოთარ ცინდელიანმა ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობა ჩაიდინა.
განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული მხოლოდ ეჭვის და ვარაუდის საფუძველია… თავისუფალი ადამიანური ურთიერთობა ჰქონდათ, როგორიც სექსუალურ პარტნიორებს აქვთ“,- განაცხადა ადვოკატმა, გელა ტყეშელაშვილმა.
ადვოკატის თქმით, ოთარ ცინდელიანი ნარკოტიკულ საშუალებებზე იყო დამოკიდებული და მისი ფსიქიკური მდგომარეობა სახარბიელო არაა.
„ბრალდების მხარემ ყველაფერი გააკეთა, სამწუხაროდ, ერთადერთი, რაც ვერ გავაკეთეთ, გარდაცვლილი ვერ დავკითხეთ“, – განაცხადა საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ და აღნიშნა, რომ ადვოკატების არგუმენტები უსუსურია.
ქეთევან ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი დააკავეს.
ჯავახიშვილს სხეულის თითქმის ყველა ორგანოზე 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.