“ანალიტიკა არავითარ წინაპირობას არ იძლევა იმისთვის, რომ ფქვილიდან გამომდინარე პურის ბაზარზე რაიმე კატაკლიზმები მოხდეს, ფასი სტაბილურია” – ლევან სილაგავა

“წინა ანალიტიკა, რაც ადრე იყო გამოქვეყნებული და  დღევანდელი,  რომელიც მოსალოდნელ ფასებთანაა დაკავშირებული, არავითარ წინაპირობას არ იძლევა იმისთვის, რომ ფქვილიდან გამომდინარე პურის ბაზარზე რაიმე კატაკლიზმები მოხდეს, ფასი სტაბილურია”, – ამის შესახებ  „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ მედიაჰოლდინგ  “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

მისივე  თქმით, არც ბაზარი მიუთითებს იმაზე, რომ გარკვეულწილად, ფასების მომატება მოხდეს. სილაგავა ფქვილზე საიმპორტო გადასახადის 1-ელ მარტამდე  გახანგრძლივებასაც გამოეხმაურა.

“რატომ გახდა გახანგრძლივება საჭირო – 2021 წელს, როდესაც რუსეთმა მცურავი ბაჟი შემოიღო,   საპირწონედ  ეს გადასახადი გაკეთდა. რუსეთიდან მცურავი ბაჟი  ჯერ კიდევ მოქმედებს,  ამიტომ  საპირწონედ  ამ დამაბალანსებელმა გადასახადმა უნდა იმოქმედოს.  ეს  სწორი კონკურენციის პირობებს ქმნის, ამ შემთხვევაში საქართველოში ფქვილზე, ხორბალზე იმპორტიც მოდის, ადგილობრივი წარმოების ხორბალიც ჰბარდება და პურის ფასიც  სტაბილურია. თუ  ნებისმიერ დროს რუსეთიდან მცურავი ბაჟი მოიხსნება, თავისთავად ცხადია,  აქეთა მხრიდან დამაბალანსებელი გადასახადის საჭიროება არ იქნება.

ამჟამად 1 ტომარა ფქვილზე ფასი  50 ლარის ფარგლებშია. წინა წელთან შედარება რომ გავაკეთოთ, წინა წლის ივნისის თვიდან, რაც ეს დადგენილება შემოვიდა,  ფასები საკმაოდ დაბალია. იყო 44 ლარის, 47 ლარის  ფარგლებში, წელს 50 ლარის ფარგლებშია.  ჭერს გეუბნებით. ეს ის ფასია,  სადაც წისქვილკომბინატები, პურის მწარმოებლები თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ. პურთან მიმართებაში გამოწვევები არაა. ვიცით, რომ მეპურეებმა სამიზნე ფასი დაასახელეს და  ეს 1 ტომარა ფქვილზე  52 ლარია. ტენდენცია, რომელიც წლების განმავლობაში განვითარდა,  სრულიად სტაბილურია. ამაში მეპურეებიც გვეთანხმებიან. წინა ანალიტიკა, რაც ადრე იყო გამოქვეყნებული და  დღევანდელი,  რომელიც მოსალოდნელ ფასებთანაა დაკავშირებული, არავითარ წინაპირობას არ იძლევა იმისთვის, რომ ფქვილიდან გამომდინარე პურის ბაზარზე რაიმე კატაკლიზმები მოხდეს. ფასი სტაბილურია, არც ბაზარი მიუთითებს იმაზე, რომ გარკვეულწილად ფასების მომატება მოხდეს”, – განაცხადა სილაგავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები