ღაზაში აცხადებენ, რომ ღამით ისრაელის მიერ ჰუმანიტარულ ზონაზე თავდასხმას, სულ მცირე, 40 პალესტინელი ემსხვერპლა
ისრაელის მიერ ღაზის სექტორში, ჰუმანიტარულ ზონაზე თავდასხმისას, სულ მცირე, 40 ადამიანი დაიღუპა, 65 კი დაშავდა,- ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ღაზის სექტორის სასწრაფო დახმარების სამსახურმა განაცხადა, რომ ეს რიცხვი მხოლოდ იმ ადამიანებს მოიცავს, რომლებიც იპოვეს და საავადმყოფოებში გადაიყვანეს. სავარაუდოა, რომ ნანგრევების ქვეშ ბევრად მეტი ადამიანია. მსხვერპლთა შორის არიან ქალები და ბავშვები.
მათივე ინფორმაციით, ჰუმანიტარულ ზონაში ოთხი რაკეტა ჩამოვარდა და, სულ მცირე, 20 კარავი დაიწვა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ მათი სამიზნე იყო „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრი.
ცნობისთვის, „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის მიერ ღაზაზე თავდასხმების შედეგად 7 ოქტომბრის შემდეგ 40 900-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.