საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორებმა მინდელის მაღაროს სამთო მაშველებს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების თეორიული და პრაქტიკული კურსი ჩაუტარეს
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორებმა მინდელის მაღაროს სამთო მაშველებს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების თეორიული და პრაქტიკული კურსი ჩაუტარეს”, – ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, სწავლება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალური სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გვირაბებში და ტყიბულში, მინდელის მაღაროში, ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
“კურსი, სპეციალურ სამაშველო, სახანძრო და სამთო-სამაშველო ტაქტიკური მომზადების გარდა, სახანძრო უსაფრთხოების, პირველადი დახმარების, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის შესახებ სწავლებასაც მოიცავდა.
მიღებული თეორიული ცოდნის, პრაქტიკული უნარ-ჩვევებისა და სპეციალური ტაქტიკური მომზადების საფუძველზე, სამთო მაშველები სამსახურებრივი უფლება-მოვალეობის კიდევ უფრო ეფექტურად განხორციელებას შეძლებენ.
სწავლების დასკვნით ეტაპზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ზურაბ პავლიაშვილმა, სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე მსმენელებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.
მსგავსი სწავლებები სისტემატურ ხასიათს ატარებს, რაც სხვადასხვა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად”, – წერია ინფორმაციაში.