მუზეუმელთა ალიანსის ყოველწლიური ყრილობა შალვა ამირანაშვილის იუბილეს მიეძღვნა და წარმატებით ჩატარდა

მუზეუმელთა ალიანსმა მესამე ყრილობაზე, რომელიც შალვა ამირანაშვილის იუბილეს მიეძღვნა, ტრადიციულად საუკეთესო მუზეუმელები დააჯილდოვა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ აზნაურაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის პირველი მოადგილე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი, აკადემიკოსი ვალერი ასათიანი, საქართველოს მუზეუმელთა ალიანსის წევრები და დელეგატები ესწრებოდნენ.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ასამბლეაში, რომელსაც გიორგი ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა უმასპინძლა, საქართველოს 200 მუზეუმის 500-ამდე თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ მესამე ასამბლეაზე თანამშრომლები გახლდნენ როგორც კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი, ისე რეგიონული და კერძო მუზეუმებიდან.
„ღონისძიებაზე საზეიმოდ გამოვლინდა სამი „საუკეთესო მუზეუმელი“, რომელთაც კულტურის სამინისტროს მიერ 2022 წელს დაფუძნებული უწყებრივი ჯილდო გადაეცათ. ვერცხლის სამკერდე ნიშანთან ერთად საუკეთესო მუზეუმელებს გადაეცათ ფულადი ჯილდოც. 2024 წლის საუკეთესო მუზეუმელები არიან:
● თინათინ სოსანიძე – სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიული ეთნოგრაფიული მუზეუმის ძვირფასეულის სექტორის კურატორი, მრჩეველ-კონსულტანტი;
● როლანდ ისაკაძე – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი;
● ჯუმბერ კოპალიანი – დმანისის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი.
საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ასამბლეაზე შეკრებილებს მიმართა, შეაჯამა სამუზეუმო წელი, ისაუბრა მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში შალვა ამირანაშვილის იუბილესადმი მიძღვნილი ფილმის და ეთნოგრაფიული მუზეუმში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებისა და ღონისძიებების ამსახველი ჩვენება გაიმართა. ცერემონია საზეიმოდ ეთნოგრაფიული მუზეუმის ანსამბლების – „დიდგორისა“ და სამეფო ნაციონალურ ბალეტ „ფოცხიშვილების“ – კონცერტით დაიხურა.
როგორც მოგეხსნებათ, კულტურის სამინისტროს უწყებრივი ჯილდო – „საუკეთესო მუზეუმელი“ თეა წულუკიანმა 2022 წლის 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად დააფუძნა. ინიციატივა სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილეს, ნიკა ახალბედაშვილს, სსიპ ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორ გიორგი კალანდიასა და გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორ ნინო ჭიპაშვილს ეკუთვნით.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ნოემბრიდან საქართველოს კულტურის მინისტრის ინიციატივით „მუზეუმელთა ალიანსის“ ბარათის ყველა მფლობელს შესაძლებლობა აქვს უფასოდ ესტუმროს კულტურის სამინისტროს სისტემის ყველა მუზეუმს.
ინფორმაციისთვის, თინათინ სოსანიძე – ოთხ ათეულ წელზე მეტია მოღვაწეობს სამუზეუმო სფეროში. 2000 წლიდან 2002 წლის ივნისამდე იყო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი. ამასთან ერთად, 2018 წლიდან 2022 წლის ივნისამდე გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მუზეუმების განყოფილების უფროსი. მისი უშუალო ხელმძღვანელობის პერიოდში განხორციელდა მუზეუმის სრული რეაბილიტაცია და მართვისა და პრეზენტაციის თანამედროვე სტანდარტზე გადასვლა. 2019 წელს მას მიენიჭა გორის საპატიო მოქალაქის წოდება, რომელსაც ღირსეულად ატარებს.
როლანდ ისაკაძე – 2014-2016 წწ – ასოცირებული პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტი, არქეოლოგიის მიმართულება. 2006 წლიდან ისტორიის აკადემიური დოქტორი. 2012-2016 წწ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი. 2009 წ. – მოწამეთის მონასტრის რეაბილიტაციის პროექტის ავტორი. 2013-2014 წლებში მონაწილეობდა გეგუთის სასახლის არქეოლოგიური კვლევის ექსპედიციებში.
ჯუმბერ კოპალიანი – არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, 50-ამდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის ხუთი წიგნის, ავტორი. აღსანიშნავია, მის მიერ მომზადებული და მისი რედაქტორობით გამოქვეყნებული სამეცნიერო კრებულის „დმანისის“ ხუთი ტომი, რომელშიც წარმოდგენილია მთელი ქვემო ქართლის ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია, ეპიგრაფიკული ძეგლები. 1981-1992 წლებში მუშაობდა დმანისის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის მოადგილედ, ხოლო 1993-2006 წლებში ამავე ექსპედიციის ხელმძღვანელად. ამასთან ერთად, 1996-2006 წლებში იყო არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დმანისის ისტორიულ-არქეოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი. 2007-2011 წლებში იყო დმანისის კულტურის ცენტრის დირექტორი. იგი ამჟამად მუშაობის მისი ინიციატივით შექმნილი არქეოლოგიური ექსპოზიციის ხელმძღვანელად და ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორად. იგი არის ღირსების ორდენის კავალერი და ექვთიმე თაყაიშვილის პრემიის ლაურეატი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები