“აჭარაში ტურიზმის სექტორში წინა წელთან შედარებით 90-100 %-იანი მატებაა” – “სასტუმროების ფედერაციის“ თანადამფუძნებელი ზაფხულის ტურისტული სეზონის შესახებ

“სასტუმროების ფედერაციის“ თანადამფუძნებელი, შალვა ალავერდაშვილი ზაფხულის ტურისტულ სეზონს აფასებს. ალავერდაშვილმა აღნიშნულთან დაკავშირებით მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.

“აჭარის რეგიონში წინა წელთან შედარებით 90-100 %-იანი მატებაა. რაც შეეხება თბილისს – თბილისში აპრილის ბოლომდე 35 %-იანი მატება გვქონდა, მაისი-ივნისის ნახევარი არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ჩავარდა. + 35 % გადაიქცა – 40 %-ად. ივნისის შუა რიცხვებიდან ბიზნესმა ისევ მოახერხა ფეხზე წამოდგომა და ივნისის ნახევარი, ივლისი და აგვისტო შარშანდელთან შედარებით თითქმის 20-25 %-იანი მატებითაა. იმედი მაქვს, რომ წლიურ ჭრილში 20 %-იანი მატება გვექნება.

რაც შეეხება ვიზიტორებს – ისრაელიდან ბევრი სტუმარი გვყავს, ასევე გალფის რეგიონიდან, პოსტსაბჭოთა სივრცე აქტიურია, ასევე აღმოსავლეთ ევროპაც, დანარჩენი სხვადასხვა ქვეყნების მიქსია. იმედი გვაქვს, ტურისტების რაოდენობის ზრდა სასტუმროებისთვის ფასების ზრდაზეც აისახება. წელს თბილისის სასტუმროებში საკმაოდ დაბალი ფასებია. დედაქალაქი ამ ეტაპზე ორ ნაწილადაა გაყოფილი. გვაქვს ხუთვარსკვლავიანი და სამვარსკვლავიანი სეგმენტი. ოთხვარსკვლავიანი სასტუმროები დატვირთვას, სამწუხაროდ, სამვარსკვლავიანი სასტუმროების ფასად ახდენენ. იმედი გვაქვს, თუ დატვირთულობა კიდევ უფრო გაიზრდება, შემდეგ წლებში ფასის მატებასაც მოვახერხებთ. თბილისში სამ -ოთხვარსკვლავიანი სასტუმროების ფასი ამ წუთისთვის თითქმის 50-70 %-ით ნაკლებია, ვიდრე 2016-2017 წლებში”, – განაცხადა ალავერდაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები