ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად სირიაში, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა, 43 კი დაშავდა
სირიაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა და 43 დაშავდა,- ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
თავდასხმა ჰამის პროვინციაში მდებარე ქალაქ მასიაფში მოხდა. სირიის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ თავდასხმა ისრაელმა განახორციელა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ გაურკვეველი წარმომავლობის მედიის ცნობებზე კომენტარს არ გააკეთებენ.
წყაროების თქმით, მასიაფში მდებარე მთავარი სამხედრო კვლევითი ცენტრი, სადაც ქიმიური იარაღის წარმოება ხდებოდა, რამდენჯერმე დაიბომბა. სავარაუდოდ, იქ ირანელი სამხედრო ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფი იმყოფებოდა, რომლებიც იარაღის წარმოებაში იყვნენ ჩართული.
როგორც ადგილობრივ საავადმყოფოში აცხადებენ, დაშავებულების მდგომარეობა კრიტიკულია.