ზელენსკი – “ბაიდენს უკრაინის გამარჯვების გეგმას წარვუდგენ, მას გადავცემ ჰარისსა და ტრამპსაც”
კიევს აქვს რუსეთთან ომის დასრულების, უკრაინის გამარჯვების გეგმა, რომელსაც ის გადასცემს ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატებს – კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, გეგმას აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სექტემბერში წარუდგენს. როგორც უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა კურსკის რეგიონში, ამ გეგმის ერთ-ერთი პუნქტია.
მისივე თქმით, გეგმა ასევე მოიცავს დამატებით ნაბიჯებს დიპლომატიურ და ეკონომიკურ ფრონტზე, მათ შორის მძლავრ პაკეტს, რათა აიძულოს რუსეთი დაასრულოს ომი დიპლომატიური გზით.