IAEA-ს ხელმძღვანელი: გარე გავლენის შემთხვევაში ბირთვული ინციდენტის საფრთხე არსებობს
კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე გარე ზემოქმედების შემთხვევაში, არსებობს ბირთვული ინციდენტის საფრთხე,- ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა.
მისი თქმით, ძნელი სათქმელია, იქნება თუ არა შემთხვევა იმავე მასშტაბის, როგორც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ინციდენტი იყო.
“ჩერნობილისა და კურსკის ატომური ელექტროსადგურების პირდაპირ შედარება არ არის სწორი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგივე ტიპის რეაქტორი მუშაობს კურსკის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე. მართლაც, დარტყმის შემთხვევაში, ამ რეაქტორის ბირთვზე რაიმე გარე ზემოქმედების შემთხვევაში, შესაძლოა, რადიაციის გათავისუფლებით, მოხდეს ბირთვული ინციდენტი”,- თქვა გროსიმ.
გროსის თქმით,რეაქტორს არ გააჩნია სპეციალური სტრუქტურული დაცვა, რომლითაც სხვა ატომური ელექტროსადგურების რეაქტორებია აღჭურვილი.
ქალაქ კურჩატოვის მერმა, სადაც მდებარეობს კურსკის ატომური ელექტროსადგური, მანამდე თქვა, რომ ქალაქში სარაკეტო საფრთხე დღეში რამდენჯერმე გამოცხადდა და ხელისუფლება უსაფრთხოების ზომებს აძლიერებდა.