დავით უსუფაშვილი USAID-ის კავკასიის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

 

   საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი USAID-ის კავკასიის მისიის ხელმძღვანელს სტეფან ჰაიკინს შეხვდა. დავით უსუფაშვილმა სტეფან ჰაიკინს მადლობა გადაუხადა მჭიდრო თანამშრომლობისათვის, განსაკუთრებით ისეთ საკითხებში, როგორიცაა ადამიანის უფლებათა დაცვა და დემოკრატიული პროცესების განვითარება.
როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, ეს ის საკითხებია, რომლებიც გრძელვადიან მუშაობას და აქტიურ თანამშრომლობას საჭიროებენ და სასიხარულოა, რომ ორივე მხარე ამისთვის მზად არის. სტუმარი დაინტერესდა სხვადასხვა სფეროში რეფორმების მიმდინარეობით, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობით, საარჩევნო რეფორმის პროცესით, ასევე, პარლამენტში ეკონომიკური მიმართულებით არსებული საკანონმდებლო ინიციატივებით. პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმარს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ამ კონკრეტულ თემებზე. ასევე მან ყურადღება გაამახვილა მჭიდრო თანამშრომლობაზე საკონსტიტუციო კომისიასა და ვენეციის კომისიას შორის, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი შემფასებელია.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას საპარლამენტო საქმიანობაში, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ არასამთავრობო სექტორის აქტიურობა უპრეცედენტოდ მაღალია ხელისუფლებასთან მიმართებაში, რაც მნიშვნელოვანია პროცესების ეფექტურად წარმართვისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები