გიორგი მარგველაშვილი: საქართველო ევროპას გზას უხსნის კასპიის ზღვის რეგიონისკენ
საქართველოს სახით ევროკავშირი უახლოვდება ქვეყანას, რომელიც არის კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტამბოლში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, საქართველო ამ პროცესის დაჩქარებისა და განვითარებისათვის ყველაფერს აკეთებს.
“ასოცირების ხელშეკრულება არის ისტორიული და ახალი ნაბიჯი, რომ საქართველო საბოლოოდ გახდეს ევროკავშირის წევრი. არის ახალი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით, რომ გავხდეთ ევროკავშირის ბუნებრივი ნაწილი. ამით ევროკავშირიც იღებს იმას, რომ უკავშირდება ქვეყანას, რომელიც არის კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის და გზას უხსნის ევროპასაც კასპიის ზღვის რეგიონისკენ, აზიის ერთ-ერთ უდიდეს ბაზარზე, უქმნის შესაძლებლობას ინფრასტრუქტურის განვითარებითაც – გაზისა და ნავთობის ტრანსპორტირებისათვის, ასევე გასათვალისწინებელია რკინიგზის თემაც ჩვენს პარტნიორებთან უფრო ეფექტური თანამშრომლობისათვის. ასე რომ, კავკასიის რეგიონი კიდევ უფრო ინტეგრირდება ევროკავშირთან. საქართველო ყველაფერს აკეთებს ამ პროცესის დაჩქარებისა და განვითარებისათვის”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.