“თვითდაზიანების ფაქტზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაწყებულია გამოძიება” – პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
“სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, N2 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულის ნ.ბ.-ს შესახებ.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ ბრალდებული ნ.ბ. განთავსებული იყო სამეთვალყურეო კამერებით აღჭურვილ საკანში, რომლის საპირფარეშოშიც მან ერთჯერადი სამართებლის გამოყენებით ორივე ხელზე მიიყენა თვითდაზიანება”, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, თვითდაზიანების ფაქტზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაწყებულია გამოძიება.
“ნ.ბ.-ს დაწესებულებაში ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება და გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.
თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების დაცვა სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველა საინფორმაციო საშუალებას, საზოგადოების დეზინფორმაციის თავიდან არიდების მიზნით თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.