კულტურის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მწერლის, გულო კობიაშვილის, გარდაცვალების გამო
კულტურის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მწერლის, გულო კობიაშვილის, გარდაცვალების გამო და პატივს მიაგებს მის ხსოვნას, ქართული კულტურის წინაშე მის დამსახურებას და უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.
გულო კობიაშვილი 1949 წლის 30 იანვარს ყაზბეგის რაიონის სოფელ ყანობში დაიბადა.1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატაში; იყო რედაქტორი, სწავლული მდივანი, სოციოლოგიის განყოფილების უფროსი.
გულო კობიაშვილის მოთხრობები, ნოველები და ლექსები ხშირად იბეჭდებოდა ქართულ სალიტერატურო პერიოდიკაში.
გამოცემული აქვს არაერთი წიგნი, რომელთა შორის გამორჩეულია ნოველებისა და ლექსების კრებული „გადაუღებელი წვიმების შემდეგ“. მისი კრებულები გამოირჩევა მდიდარი ფანტაზიით, მეტყველი და ნათელი სტილით, იუმორის გრძნობით.
გულო კობიაშვილი 2012 წელს გამართული რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის გამარჯვებულია.