ეროვნული ბანკი: ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, ივლისში ივნისთან შედარებით ინფლაციური მოლოდინები არ გაზრდილა
საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის ივლისის თვის შედეგებს აქვეყნებს:
ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, ივლისში ივნისთან შედარებით ინფლაციური მოლოდინები არ გაზრდილა. ერთი მხრივ, საგრძნობლად დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 2%-4%-ის ფარგლებში ფიქრობენ. მეორე მხრივ, მოიმატა იმ რესპონდენტთა რაოდენობამ, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ზრდას უფრო დაბალ ინტერვალში 0%-თან ახლოსა და 0%-2%-ის ფარგლებში ელოდებიან. თუმცა ამავდროულად, მოიმატა იმ რესპონდენტთა რაოდენობამ, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ზრდას 4%–6%-ის ფარგლებში ელოდებიან.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, ივლისში ივნისთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები მომატებულია. ერთი მხრივ, ივნისთან შედარებით, მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 6%-8%- ის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად ელოდებიან. მეორე მხრივ, დაკლებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას დაბალი ზრდის ინტერვალში 0%-2%-ისა და 2%-4% ფარგლებში ელოდებიან.
გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში მცირედით გაზრდილია. კერძოდ, ივლისში ივნისთან შედარებით გაიზარდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას 4%-6%-ის ინტერვალში ელოდებიან. ამავე დროს დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას 0%-2%-ის ზრდის ინტერვალში ვარაუდობენ.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, ივლისში ივნისთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე მომატებულია. კერძოდ, გაიზარდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების მატებას 10%-20%-ის ფარგლებსა და 30%-ზე მეტად ფიქრობენ. ამავე დროს, დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 0%-10%-ისა და 20%-30%-ით ზრდის ფარგლებში ელოდებიან.
გამოკითხულთა აზრით, ივლისში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) ივნისთან შედარებით შემცირებულია”,- წერია ანგარიშში.