16 აგვისტო გია გუგუშვილის დაბადების დღეა
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი მხატვარ გია გუგუშვილს დაბადების დღეს ულოცავს. მხატვარს 72 წელი შეუსრულდა.
„გია გუგუშვილი 80-იანელთა თაობის გამორჩეული წარმომადგენელია. მისი შემოქმედების მთავარი მახასიათებელი რეალური სამყაროს განზოგადება და მინიმალისტურად ასახვაა.
მის მიერ შექმნილი გამოსახულებები ბავშვური, ნაივური ნახატის პირობითობით და გულწრფელობით გამოირჩევა. ფერთა თავისებურ პალიტრაში საგნები რთულად განირჩევა, ან საერთოდ კარგავს მატერიალურ ფორმას. ავტორი სამყაროს რომანტიზებულ ჭრილში აღიქვამს და მისგან მიღებულ შთაბეჭდილებებს დახვეწილი ფერწერული ენით გადმოსცემს.
გია გუგუშვილი ერთგულია იმ ქართული ფერწერული ტრადიციის, რომელიც კონკრეტული საწყისებიდან განზოგადებულ მხატვრულ ფორმებს ქმნის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.