სპორტის მინისტრი სოფელ დიღომში ყოფილი სპორტული კომპლექსის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა სოფელ დიღომში მდებარე სპორტული კომპლექსის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით სამუშაოების დამკვეთია „სპორტმშენსერვისი“.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ყოფილი სპორტული კომპლექსის ტერიტორია სამინისტროს 2023 წლის მაისში ჩაბარდა. ამჟამად მიმდინარეობს რეაბილიტაცია, რომელიც მოიცავს ერთსართულიან მულტიფუნქციურ სპორტულ დარბაზს, მინი-ფეხბურთის სტადიონსა და ორსართულიან სპორტულ კომპლექსს ორი სავარჯიშო დარბაზით. სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით წარმატებით მიმდინარეობს.
„პროექტის ფარგლებში უკვე გარემონტდა ერთსართულიანი სპორტული დარბაზი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მინი-ფეხბურთის სტადიონის სრული აღდგენა; პარალელურად რემონტდება ორსართულიანი შენობა, რომელშიც მოეწყობა გასახდელები, ადმინისტრაციული ოთახები, განახლდება განათებისა და გათბობის სისტემები, დაიგება ახალი იატაკი. აღნიშნული დარბაზი მულტიფუნქციურია და აქ შესაძლებელი იქნება სპორტის სხვადასხვა სახეობების ვარჯიშების ჩატარება.
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ინიციატივით, მიმდინარე წლის მარტში შპს „სპორტმშენსერვისმა“, ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, ინდმეწარმე რუბენ ლუტიძესთან გააფორმა ხელშეკრულება, რის შემდეგაც დაიწყო 3440 კვ. მ ფართობის სპორტული კომპლექსის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულება 1 120 910 ლარს შეადგენს.
სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები