უკრაინის არმიისთვის გადარიცხული 51 დოლარისთვის რუსეთში ქალს 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

სვერდლოვსკის რაიონულმა სასამართლომ, რუსეთისა და აშშ-ის მოქალაქე ქსენია კარელინას სამშობლოს ღალატის საქმეზე 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ქსენია ხავანა (კარელინა) უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 51 დოლარის გადარიცხვისთვის დააკავეს. ქალმა თანხა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის პირველივე დღეს, უკრაინის დასახმარებლად შექმნილ საქველმოქმედო ფონდში გადარიცხა.

ადვოკატმა განაცხადა, რომ სადაზვერვო სამსახურებმა თითქმის ორი წლის წინ მომხდარი ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია მსჯავრდებულის ტელეფონის შემოწმების შედეგად მოიპოვა.

საქმის განხილვა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.

კარელინამ დანაშაული აღიარა. დაცვის მხარე განაჩენის ნაწილობრივ გასაჩივრებას აპირებს.

ცნობისთვის, კარელინას სასჯელი იმავე მოსამართლემ გამოიტანა, რომელმაც The Wall Street Journal-ის ამერიკელ ჟურნალისტს, ევან გერშკოვიჩს 16 წელი მიუსაჯა. ის ახლახან დაბრუნდა შეერთებულ შტატებში რუსეთსა და დასავლეთის რამდენიმე ქვეყანას შორის ტყვეთა დიდი გაცვლის შედეგად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები