სანაგირის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, სანაგირის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის, სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველი ეტაპის სარესტავრაციო სამუშაოები ითვალისწინებდა: ეკლესიის სახურავის თუნუქის საბურვლის, სარინელი და სანიაღვრე არხის მოწყობას, ასევე კირის დუღაბით ცენტრალური ნავის ზედა ნაწილისა და წმინდა ბარბარეს ეკლესიის სამხრეთ ფასადის საპირე წყობის ამოგოზვას. რეაბილიტაციის ფარგლებში, ასევე მოიხსნა ადრეული რესტავრაციის პერიოდში გამოყენებული ცემენტის ხსნარი.
ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს სანაგირის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ტერიტორიის დასუფთავება სამშენებლო ნარჩენებისგან.
მეორე ეტაპის სამუშაოები, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, მომავალი წლისთვის დაიგეგმება და მისი მიზანი კედლის მხატვრობის კონსერვაცია იქნება.
ინფორმაციისთვის, 2022 წელს, ღვთისმშობლის სახელობის სამნავიანი ბაზილიკის გადახურვაზე ხარვეზების არსებობა დადგინდა, რის გამოც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2023 წელს დააფინანსა ტაძრის კვლევითი და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და იმავე წელს ხელშეკრულება გაფორმდა ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს „იბექსთან“. სააგენტომ სამუშაოებისთვის 634 755 ლარი გამოყო.
სანაგირე – სამნავიანი ბაზილიკა მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულებით, ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საინტერესო და სახასიათო ძეგლია. ღვთისმშობლის ეკლესია დიდი სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძარია. ეს არის მეათე საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა, რომელზედაც X-XI და XI-XII საუკუნეებში მიშენებულია სამნაწილიანი კარიბჭე ჩრდილოეთიდან და დარბაზული ეკლესია სამხრეთიდან. ტაძარი მთლიანად მოხატული იყო, თუმცა ჩვენამდე მხოლოდ ფრაგმენტებმა მოაღწია.
სანაგირის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2006 წლის 30 მარტს მიენიჭა, ხოლო ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია 2006 წლის 7 ნოემბერს განესაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები