ეს ადამიანი „გუგლშიც“ კი ისე იძებნება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული კონგრესმენი – მამუკა მდინარაძე
ეს ადამიანი „გუგლშიც“ კი იძებნება ისე, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული კონგრესმენი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მან კონგრესმენ მაიკ ტერნერთან დაკავშირებით დაუსვა.
“გულწრფელად გითხრათ, ამ კონგრესმენის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. როდესაც ჩვენ მიმართ ძალიან კრიტიკული განცხადებები გააკეთა, დავგუგლე და გუგლში ამოვარდა უამრავი ძალიან ცუდი ინფორმაცია, მათ შორის გუგლში ის მოხსენიებული იყო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული კონგრესმენი. ახლა ჩაყოლა იქ აღარ ღირდა, რადგან შეიძლება ამოვარდნილიყო გლობალური ომის პარტიაც და ასეთი რაღაცებიც, შემდეგ გუგლზე გაბრაზდებოდნენ საქართველოში ძალიან, საიდან მოიგონა გუგლმა ეს ამბებიო და დავანებე თავი. მაგრამ ფაქტია, რომ ერთი მხრივ, გუგლშიც კი იძებნება ეს ადამიანი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული კონგრესმენი, რაც სამწუხაროა. ისიც სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები ჩამოდიან და, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან კრიტიკულად აფასებენ „ქართულ ოცნებას“ მაშინ, როდესაც იგივე ადამიანები, არა მხოლოდ ისინი, სხვა ქვეყნებს, რომლებსაც დემოკრატიული მიღწევები მაინც და მაინც დიდი არ აქვთ, დემოკრატიის ოაზისად იხსენიებენ ხოლმე, საქართველოს პირიქით. ამას კონკრეტული მიზეზები აქვს და ქართული საზოგადოება ამ მიზეზებში უკვე რამდენიმე თვე, ან რამდენიმე წელია, კარგად გაერკვა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.