კუმურდოს საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მდებარე ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, კუმურდოს საკათედრო ტაძრის, რეაბილიტაციის მეექვსე ეტაპი წარმატებით გრძელდება.
სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დასავლეთის მკლავის ნავზე მოწყობილია ჰიდროსაიზოლაციო ფენა და სახურავის ბურული ლორფინის ქვით, ხოლო ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ მკლავთა კუთხეებში სრულდება დეკორატიული, რთულზედაპირიანი არქიტექტურული დეტალების აღდგენა. დასავლეთ მკლავის სამხრეთ გარშემოსავლელზე დასრულდა კარნიზის აღდგენა, მოეწყო ჰიდროსაიზოლაციო ფენა და მიმდინარეობს ლორფინის ბურულის მოწყობის სამუშაოები, ხოლო დასავლეთ მკლავის ჩრდილოეთ გარშემოსავლელზე მიმდინარეობს კარნიზის აღსადგენი სამუშაოები, რის შემდეგაც მოხდება ჰიდროსაიზოლაციო ფენისა და ლორფინის ბურულის მოწყობა.
„მიმდინარე ეტაპის სამუშაოების ჩასატარებლად სააგენტოს მიერ გამოყოფილია 836 536 ლარი. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „არქიტექსი“ ასრულებს.
კუმურდოს გუმბათიან ეკლესიას ტექნიკური შესრულების ხარისხითა და უმაღლესი მხატვრული ღირსებებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში. ტაძრის აგება დაწყებულია X საუკუნეში და იგი ქვით ნაშენი გუმბათოვანი ნაგებობაა, თავისებური, გარდამავალი ხასიათის გეგმით – გარედან ჯვრისებრი მოხაზულობა, შიგნით კი ხუთი ნახევარწრიული აფსიდი და ერთი (დასავლეთი) სწორკუთხა მკლავი. ტაძრის სამხრეთ შესასვლელის თავზე მოთავსებული ასომთავრული წარწერა გვამცნობს, რომ მისი ბალავარი 964 წელს დაიდო.
ტაძრის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაცია 2015 წელს შედგა და 2016 წლიდან ფონდ „ქართუს“ მიერ ეტაპობრივად დაიწყო ძეგლის ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები, კერძოდ: ჩატარდა გაწმენდითი და არქეოლოგიური სამუშაოები; მოეწყო ტაძრის დასავლეთ მკლავის საძირკველი, სრულად აღდგა დასავლეთ მკლავი და მისი ჩრდილოეთ და სამხრეთ გარშემოსავლელი; ასევე, სრულად აღდგა ტაძრის სამხრეთ კარიბჭე და გადაიხურა ლორფინის სახურავით. აღნიშნული სამუშოებისთვის ფონდის მიერ დაიხარჯა 1 878 637 ლარი.
2023 წლიდან კი ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები გააგრძელა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ და იმავე წლის აგვისტოში გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „არქიტექსი“ ასრულებს.
კუმურდოს საეპისკოპოსო ტაძარი გუმბათოვანი არქიტექტურის ერთადერთი ნიმუშია მთელ ჯავახეთში. ტაძარი მრავალრიცხოვანი წარწერებით, ჩუქურთმიანი სამკაულითა და რელიეფების სიუხვით გამოირჩევა“, – ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები