შალვა პაპუაშვილი – ხაზარაძე-ჯაფარიძეზე: ახლა უკვე საერთაშორისო დონეზე დადასტურდა, რომ საქმე გვაქვს თაღლითებთან
“ახლა უკვე საერთაშორისო დონეზე დადასტურდა, რომ საქმე გვაქვს თაღლითებთან”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიერ საარბიტრაჟო სასამართლოს წაგებასთან დაკავშირებით განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთაც დადასტურდა ხაზარაძე-ჯაფარიძის თაღლითობა, ცრუ საფუძვლით ბიუჯეტიდან ფულის მოთხოვნა და გაირკვა საბოლოო ჯამში პოლიტიკა რისთვის უნდათ.
„რაც შეეხება არბიტრაჟის გადაწყვეტილებას, ახლა უკვე საერთაშორისო დონეზე დადასტურდა, რომ საქმე გვაქვს თაღლითებთან, რომლებმაც ჯერ თაღლითობით საქართველოში გეგმები შეიმუშავეს და 17 მილიონი „თიბისი ბანკიდან“ ფაქტობრივად გააქრეს. მერე ვითომ შემთხვევით აღმოჩნდა, რომ მათ მეგობარს ფული ჰქონდა, რომელიც შემთხვევით ასესხა და მერე შემთხვევით უიმედო ვალებით ჩამოეწერათ. ეს თაღლითური სქემებია, რომელიც სასამართლომ დაადასტურა.
მეორე თაღლითობა იყო ის, რომ მათ ყალბი საფუძვლით უჩივლეს ქართველ ხალხს და ქართველი ხალხისგან ითხოვდნენ მილიარდ ნახევარს, ბიუჯეტის მეოთხედს. ქართველი ხალხის ჯიბიდან უნდოდათ ამოეღოთ და საკუთარ ჯიბეში ჩაედოთ ხაზარაძეს, ჯაფარიძეს და ამ თაღლითურ გაერთიანებას, რომელიც დღეს პარტიის სახით არის წარმოდგენილი. ასე რომ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთაც დადასტურდა მათი თაღლითობა, ცრუ საფუძვლით ბიუჯეტიდან ფულის მოთხოვნა და გაირკვა საბოლოო ჯამში პოლიტიკა რისთვის უნდათ. მათ ხელისუფლებაში მოსვლა იმიტომ უნდოდათ, რომ ეს ფული მიეღოთ ბიუჯეტიდან და ბიუჯეტის ხარჯზე და ხალხის ხარჯზე შეევსოთ საკუთარი ჯიბეები“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.