სოფელ შრომაში კულტურის სახლის რეაბილიტაცია წარმატებით გრძელდება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თაოსნობით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – შრომის კულტურის სახლის რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება. სამუშაოები 2023 წელს მომზადებული პროექტის მიხედვით მიმდინარე წელს დაიწყო. რეაბილიტაციისთვის სააგენტომ 2 565 070 ლარი გამოყო.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის დასრულებულია პარტერში და იარუსებზე ძველი სკამების დემონტაჟი; მოხსნილია ამორტიზებული იატაკი; პარტერში, იარუსებსა და სცენაზე მოწყობილია ახალი ხის კონსტრუქცია და დაგებულია ხის იატაკი; მოიხსნა მაყურებელთა დარბაზის მარცხენა მხარეს არსებული მინაშენი, სადაც ჩამოსხმულია ორსართულიანი მიშენების რკინა-ბეტონის კარკასი.
პროექტით გათვალისწინებულია დარბაზის სრული რეაბილიტაცია, კერძოდ, დეკორატიული ელემენტებისა და მხატვრობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები, სახურავის რეკონსტრუქცია, ფასადების რეაბილიტაცია, კარ-ფანჯრების გამოცვლა, საინჟინრო ქსელებისა და დანადგარების მონტაჟი და ეზოს კეთილმოწყობა.
„სამუშაოებს ასრულებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „იუკონი და კომპანია“ 2024 წლის 23 თებერვალს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე.
აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის კულტურის სახლის რეაბილიტაცია 2021 წლის ოქტომბერში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ვიზიტისას ავარიული კულტურის სახლების მონახულების შემდეგ გადაწყდა.
გამორჩეული არქიტექტურის შენობა, სოფელ შრომის კულტურის სახლი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2020 წლის 3 ივლისიდან აქვს, 1956 წელს აშენდა. შენობას აქვს დეკორატიული ელემენტებით შემკული ფასადი; მხატვრული ელემენტების სიმდიდრით გამოირჩევა კულტურის სახლის დარბაზი; მასშტაბურია სოციალისტური რეალიზმის სტილის პლაფონის მთავარი მხატვრული კომპოზიცია, რომელიც ცის ფონზე ასახავს გურული გლეხების ყოფით სცენებს.
კულტურის სახლის რეაბილიტაციის შედეგად სრულად შენარჩუნდება და აღდგება ძეგლის ისტორიული იერსახე, შენობის ექსტერიერსა თუ ინტერიერში შემორჩენილი ყველა არქიტექტურული ელემენტი და მხატვრული დეკორი“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.