საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი კვლავ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„7 აგვისტოს 16 წელი გახდება მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის ომი დაიწყო. ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი მტკიცე რჩება. ჩვენ კვლავ ვგმობთ ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რუსეთის სამხედრო ყოფნას, რაც არღვევს როგორც საერთაშორისო სამართალს, ასევე რუსეთის ვალდებულებებს 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების ფარგლებში. საქართველოში კონფლიქტით დაზარალებული თემების ადამიანის უფლებები კვლავ ირღვევა, მათ შორის „ბორდერიზაციის“ პოლიტიკით, გამშვები პუნქტების ჩაკეტვით და უკანონო დაკავებებით რუსი სამხედროებისა და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ. უნდა დასრულდეს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები, გამოძიებული უნდა იყოს ადამიანის უფლებების დარღვევა და უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამართლიანობა ყველა დაზარალებულისთვის.
ჩვენ სრულად ვრჩებით კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ერთგული, მათ შორის ევროკავშირის ჩართულობით, როგორც თანათავმჯდომარე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში (GID), ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში მუშაობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM Georgia) ადგილზე ყოფნის გზით. ჩვენ მოვუწოდებთ GID-ის ყველა მონაწილეს კონსტრუქციულად ჩაერთონ დისკუსიებში 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების სრული განხორციელების მისაღწევად.
ევროკავშირი კვლავ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია განცხადებაში.