გია ვოლსკი: დესტაბილიზაცია, სისხლის ღვრა, თუნდაც, კონკრეტული ადამიანის ან ადამიანების მკვლელობა, არის ერთადერთი გზა, რამაც შეიძლება, რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებამდე მიიყვანოს
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ერთადერთი, რამაც შეიძლება ოპოზიცია ხელისუფლებაში მოიყვანოს დესტაბილიზაცია და სისხლის ღვრაა.
აღნიშნული კომენტარი ვოლსკიმ სუსში მიმდინარე გამოძიების შესახებ საუბრისას გააკეთა.
„დესტაბილიზაცია, სისხლის ღვრა, თუნდაც, კონკრეტული ადამიანის ან ადამიანების მკვლელობა, არის ერთადერთი გზა, რამაც შეიძლება, რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებამდე მიიყვანოს და შემდეგ უკვე გააგრძელოს ის გეგმა, რითი არაერთხელ დაემუქრნენ საზოგადოებას. ეს არის პროცესების რადიკალიზაცია, დაპირისპირება, წმენდის ჩატარება, ერთწლიანი რეპრესიების მოწყობა. სხვანაირად ამას ვერანაირად ვერ განახორციელებენ”, – განაცხადა ვოლსკიმ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ტერორიზმის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. სუსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს.