შალვა პაპუაშვილი: მოვუწოდებ ყველა ორგანიზაციას, დარეგისტრირდნენ და იყვნენ გამჭვირვალე ქართველი ხალხის მიმართ

ბევრი ჰქონია დასამალი ზოგიერთ დონორს და „ენჯეოს“, რომ კანონდარღვევაზეც მიდიან,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა “გამჭვირვალობის კანონზე” საუბრისას განაცხადა.

პაპუაშვილი ორგანიზაციებს მოუწოდებს, დარეგისტრირდნენ და იყვნენ გამჭვირვალე ქართველი ხალხის მიმართ.

ლუსტრაციის კარგი პროცესი იქნება, როდესაც შევხედავთ „ენჯეო“ სექტორი სინამდვილეში რა ღირებულებებით მოქმედებს. „ენჯეო“ სექტორი, რომელიც ღაღადებდა და ქადაგებდა კანონის უზენაესობას, სამართლებრივ სახელმწიფოს, მართლწესრიგს, ვნახავთ, მოქმედებენ თუ არა ამ თავის ღირებულებებით. შევხედავთ, კანონის დარღვევაზე წამსვლელი ორგანიზაციები არიან?! ეს არის მათი ღირებულება?! ეს არის მათი ევროპა, რომ კანონი უნდა დაარღვიო და თუ არ მოგწონს რაღაც კანონი, მაგალითად, რეგისტრაციასთან დაკავშირებით, არ უნდა დარეგისტრირდე. ვიღაცას არ მოსწონს, რომ ავტობანზე 110 კმ/სთ არის შეზღუდვა და იმან 150 კმ/სთ იმოძრაოს. ვიღაცას შეიძლება სხვა რაღაც არ მოსწონდეს და ეს არის, როგორც ჩანს, ის ევროპული ღირებულება, რომელიც უცხოური დაფინანსებით აღიზარდა და დავაკვირდებით, ამ ღირებულებებით არიან, თუ არა. შეიძლება ვიღაც არ ეთანხმებოდეს ამ კანონს, შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს შეფასებები, მაგრამ ამისთვის არსებობს სამართლებრივი გზები, რომელსაც მიმართეს კიდევაც, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს. რუტინული პროცესია. საქართველოს პარლამენტს ყოველ წელს, დაახლოებით 20 სხვადასხვა პროცესი აქვს, როდესაც სხვადასხვა მოქალაქეები თუ ორგანიზაციები მიმართავენ ამა თუ იმ კანონის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს.

მოვუწოდებ ყველა ორგანიზაციას, დარეგისტრირდნენ და იყვნენ გამჭვირვალე ქართველი ხალხის მიმართ და ვხედავთ, ბევრი ჰქონია თურმე დასამალი ზოგიერთ დონორს და ზოგიერთ „ენჯეოს“, რომ ასეთ რაღაცებზეც მიდიან, კანონდარღვევაზეც კი მიდიან, ოღონდ არ თქვან, რა ფულს იღებენ და რაში ხარჯავენ ამ ყველაფერს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები