ბოლნისის სიონის სამრეკლოს რესტავრაცია-კონსერვაცია და ეზოს კეთილმოწყობა გრძელდება

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ბოლნისის სიონის სამრეკლოს რესტავრაცია-კონსერვაციასა და ეზოს კეთილმოწყობას განაგრძობს.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ძეგლის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით 2023 წლის 23 აგვისტოს მომზადდა რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლითაც გათვალისწინებულია სამრეკლოს სრული რეაბილიტაცია, კარ-სარკმლების შეცვლა, სამრეკლოსთან ახალი ქვის ბაქნის და ასასვლელი ხის კიბის მოწყობა.
ამასთანავე, არქეოლოგების ზედამხედველობით ტაძრის ტერიტორიაზე იხსნება მიწის ფენა. სამუშაოებისას გამოჩნდა ტაძრის ძველი გალავანი, რომელიც გასუფთავდა მიწისგან და ჩაუტარდა კონსერვაცია. ტერიტორიაზე ასევე ეწყობა სადრენაჟო არხი და საფეხმავლო ბილიკები.
სამუშაოებს ასრულებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია – შპს „ძველი გალავანი“ 2023 წლის 4 დეკემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის სააგენტომ გამოყო 165 037 ლარი.
ბოლნისის სიონი ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლია თავისი ისტორიით, არქიტექტურით, კედლის მხატვრობით, უძველესი წარწერებით. კომპლექსის მთავარი ნაგებობაა ბოლნური ტუფის თლილი კვადრებით აშენებული V საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა. ეზოში დგას სამრეკლო, არის ძველი გალავნის ნაშთები, ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში კი – დედათა მონასტრისთვის საჭირო ნაგებობები. ამჟამად ტერიტორია შემოსაზღვრულია გვიან ამოყვანილი გალავნით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები