დავით მათიკაშვილი სუსში მიმდინარე გამოძიებაზე: გამოძიება დადებს თავის შედეგს და საზოგადოებას ეცოდინება თუ რეალურად როგორ ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ, ძალადობრივ ძალებთან აქვთ საქმე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ოპოზიციაზე

გამოძიება დადებს თავის შედეგს და საზოგადოებას ეცოდინება თუ რეალურად როგორ ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ, ძალადობრივ ძალებთან აქვთ საქმე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ოპოზიციაზე, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.

„უმძიმესი დანაშაული, რომელზედაც გვაუწყა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ეს არის ტერაქტი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მცდელობა, აქტიურად მიდის ამ მხრივ გამოძიება.

ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ მიუხედავად მცდელობისა ოპოზიციის მხრიდან, მათი კონტროლირებადი ტელევიზიების მხრიდან, მიიჩქმალოს ეს საკითხი, არ გახდეს აქტუალური, აუცილებლად გამოძიება დადებს თავის შედეგს და საზოგადოებას ეცოდინება თუ რეალურად როგორ ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ, ძალადობრივ ძალებთან აქვთ საქმე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ოპოზიციაზე“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

სუსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები