გურამ მაჭარაშვილი – ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი არის მშვიდობის გარანტი
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი, სუს-ში მიმდინარე გამოძიებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანაში მშვიდობის გარანტი ბიძინა ივანიშვილია და ეს ყველამ კარგად იცის.
„წელიწადნახევრის-ერთი წლის წინ ჩვენ ვნახეთ პირდაპირ მუქარები უკრაინაში მებრძოლი ქართველებისგან, უკრაინის ხელისუფლებისგან. რამდენიმე კვირის წინ ვნახეთ ტერაქტი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატზე, რამდენიმე თვის წინ სლოვაკეთის პრემიერზე თავდასხმა, მკვლელობის მცდელობა; მუქარა პრემიერ ირაკლი კობახიძის სატელეფონო ზართან დაკავშირებით და ასე შემდეგ.
ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი არის მშვიდობის გარანტი, ეს ყველამ კარგად იცის. აქედან გამომდინარეობს ზუსტად ის საფრთხე, რაზეც საუბარი იყო, რომ საქმე აღძრულია ტერორისტული აქტის მომზადებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ტერორიზმის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. სუს-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს.